რუსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის, 7 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში დადასტურებულ პაციენტთა რიცხვმა 106498-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის მანძილზე 101 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვა საერთო ჯამში 1073-ს მიაღწია.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი დაემატა. შუახნის მამაკაცი ე.წ. წყალტუბოს კლასტერს მიეკუთვნება. როგორც ექიმი ედიშერ ასათიანი აცხადებს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის ერთ-ერთი პირველი სექტორული განხილვა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა.
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზის მქონე სამი ახალი პაციენტი დაემატა, რომელთა ოჯახის წევრებიც საავადმყოფოში მკურნალობენ. როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტი რჩება ინტენსიურ მკურნალობაზე, 13 პაციენტის მდგომარეობა კი საყურადღებოა.
საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს მადრიდიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდება.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამურად, ქალაქში 38 ადამიანია დაინფიცირებული. შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპისთვის, ქვემო ქართლში ვირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 22 ახალი ინფიცირებული პაციენტიდან ერთი მედიკოსია. ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმების რაოდენობა საქართველოში მცირეა.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, 22 შემთხვევიდან მედპერსონალიდან მარტო ერთი არის ინფიცირებული. აღნიშნული პაციენტი ჩვენ კლინიკაში არ მოთავსებულა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ინფიცირებული მედიკოსების ციფრი დიდი არ არის, მედპერსონალი ეტყობა მეტ-ნაკლებად, თავდაცვის საშუალებებს სწორად და ადკეტვატურად იყენებს. შესაბამისად, ჩვენთან მედიკოსების ინფიცირების ხარისხი დაბალია და ვიმედოვნებთ, ასე გაგრძელდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე განმარტებით, თუკი, ახლა ჩვენს ქვეყანაში პანდემიის პიკური პერიოდია და სიტუაცია ამ მონაცემებით შენარჩუნდება, ეს მედიკოსებს სიტუაციის კონტროლის საშუალებას მისცემს.
„ჩვენ კიდევ ვლაპარაკობთ, რომ შიდა გავრცელებიდან 7-8 კვირა არის ის, რასაც პიკი ჰქვია და დაახლოებით, ამ პერიოდში შევდივართ. თუ ასე შევინარჩუნებთ მდგომარეობას, ეს ცუდი მონაცემები არ არის. თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, ცუდი არ არის, თუ ასე გაგრძელდება, ზომიერ, კონტროლირებად მატებას შევინარჩუნებთ და ეს მოგვცემს სიმშვიდის საშუალებას. ამ ეტაპზე, როგორც გუშინ, 3 მძიმე პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით, ერთ-ერთი მათგანი ასაკობრივადაა რისკ ჯგუფში, მეორესთან თანმდევი დაავადებაა დიაბეტის სახით, დანარჩენების მდგომარეობა უკვე საშუალო და მსუბუქია“, - განაცხადა ეზუბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 22-ით გაიზარდა და 539 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548 პირი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ბანკს და საფინანსო ინსტიტუტის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მსოფლიო ბანკის მიერ COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფას მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსი დაუდასტურდა სანიტარს. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს.