
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში, უკრაინას საქართველოსთან კარგი ურთიერთობა ექნება.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს უკრაინა უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე პირიქით. მისი თქმით, უკრაინასთან ურთიერთობის ჩრდილქვეშ დაყენება საქართველოსთვის კატასტროფული იქნება.
„უკრაინას საქართველოსთან ექნება კარგი ურთიერთობა და განავითარებს ურთიერთობებს იმის მიუხედავად, თუ ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში. მე მთლიანად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ ამ პოზიციას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ბევრად მეტად სჭირდება უკრაინა, ვიდრე უკრაინას საქართველო. საქართველოს სოფლის მეურნეობის ხორბლეული, წიწიბურა, უამრავი ხორცპროდუქი, უმეტესი ნაწილი მოდის უკრაინიდან. უკრაინა არის ჩვენი პროდუქციის გასაღების ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, უკრაინასთან ყოველგვარი ურთიერთობის ჩრდილქვეშ დაყენება კატასტროფული იქნება, საქართველში ხალხი შიმშილით დაიხოცება ჩვეულებრივად. მე, როგორც ქართველი და როგორც დღეს უკრაინის მოქალაქე, მთლიანად მხარს ვუჭერ უკრაინის პრეზიდენტის ამ სახელმწიფოებრივ პოზიციას “, - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ აპირებს გუნდში ქართველების მიწვევას და სურს, რომ უკრაინელები შემოიკრიბოს.
„მე ვაპირებ შევკრიბო ბევრი უკრაინელი. მე არ ვაპირებ ქართველების მოწვევას და ჩამოყვანას. გაიზარდა თაობა საინტერესო უკრაინელების, მაგონებს ჩემს პირველ საპარლამენტო ვადას, გამოჩნდა ჯგუფი, მათ შორის, უცხოეთში განათლება მიღებული, სიმპათიური ახალგაზრდების და მინდა რომ მათ ირწმუნონ თვიანთი ძალა.
მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ეს ქვეყანა გამოვიყენო ჩემი პოლიტიკური კარიერისთვის ეს არ არის ჩემი მიზანი. ჩემი მიზანი არის, რომ უკრაინა იყოს ძლიერი. თუ უკრაინა იქნება ძლიერი, საქართველოც იქნება წარმატებული. ეყოლება ძალიან მყარი დასაყრდენი უკრაინის სახით. უკრაინა უნდა გახდეს ევროპის ზესახელმწიფო“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, უკრაინას შეუძლია იყოს ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ევროპასა და მთელ მსოფლიოში და მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჩინეთიდან მომდინარე კაპიტალი მიიზიდონ.
„საწარმოები გამოდის და აპირებს წამოსვლას ჩინეთიდან, დასავლური კაპიტალი მოდის ძირითადად სწორედ ჩინეთიდან და ვმუშაობთ, რომ ამ კაპიტალის დიდი ნაწილი "გადავიჭიროთ", ქარხნები დავდგათ უკრაინაში, იმიტომ, რომ უკრაინას ჰყავს მაღვალკვალიფიციური სამუშაო ძალა. მთავარი რაცაა, ესაა მოქნილი საგადასახადო საბაჟო სისტემა, კანონის უზენაესობა, ბიუროკრატია ფაქტობრივად უნდა "მივაჩუხაროთ" ბოლომდე, თუ ეს არ მოხდა და ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მე შემიძლია მხოლოდ ეს რეცეპტი გამოვწერო“,- განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მომდევნო თვეების განმავლობაში უკრაინული რეფორმების საკითხებით იქნება დაკავებული და არ აქვს დრო, რომ ქართულ პოლიტიკაზე კომენტარები გააკეთოს.
„შემდეგი თვეები დაკავებული ვიქნები უკრაინული რეფორმების საკითხებით. ორი - სამი საკითხის აღებას და მუშაობას ვაპირებ. საქართველოში ოქტომბრის ბოლოს არის არჩევნები. ქართველი ხალხი მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, ეჭვი არ მეპარება რა გადაწყვეტილება იქნება ეს. საქართველოს სჭირდება განვითარება, სწრაფი წინსვლა, ტალახიდან, ჭაობიდან, სიღარიბიდან თავის დაღწევა. ჩემი გული მნიშვნელოვააწილად ძგერს საქართველოსთვის, თუმცა საქართველოშიც არის ბევრი საინტერესო ადამიანი. ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა. მე მათ და მთლიანად საქართველოს ვუსურვებ წარმატებას.
იმიტომ კი არა, რომ ვიღაცამ ამიკრძალა, ნამდვილად არ მაქვს დრო ყოველდღიურ ქართულ პოლიტიკაზე ვაკეთო კომენტარი. ეს არ არის ჩემი ფუნქცია, ჩემი პოზიცია ისედაც კარგად იცით, ჩემი პოზიცია არის მყარი. ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იქ, სადაც ვართ და როდესაც ვიბრძოლებთ ბოლომდე, შედეგი გვექნება ძალიან მალე“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში.