
კახა მიქაიას ზუგდიდში „კრაკადილშიკი“ უწოდეს და მანქანის საქარე მინა დაუზიანეს
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მიქაია აცხადებს, მის კუთვნილ ავტომობილს საქარე მინა ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს აპარატის უფროსმა გრიხა მიქავამ დაუმტვრია.
დეპუტატის განმარტებით, მას გრიხა მიქავამ ქუჩაში ჩხუბი და გინება დაუწყო, შელაპარაკების შემდეგ კი მუშტით მანქანის საქარე მინა ჩაამტვრია. თვითმხილველების თქმით, ორივე პირი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ხოლო მიქავამ მიქაიას „კრაკადილშიკი“ და „ნარკომანი“ უწოდა.
მიქაიას განცხადებით, მიქავას მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სურდა, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. მიქიას განმარტებით, მიქავა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მისივე თქმით, მოძალადე პოლიციას არ დაუკავებია. მიქაია უკვე დაიკითხა ინციდენტთან დაკავშირებით.
კახა მიქაია პრემიერ-მინისტრს მიმართავს და ურჩევს, ზუგდიდში არსებულ სიტუაციით დაინტერესდეს.
კახა მიქაია მომხდარს მის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირებს და აცხადებს, რომ მიქავამ მის მიმართ აგრესია იმიტომ გამოხატა, რადგან საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას ქმედებები სამსჯავროზე გამოიტანა.