
პასაჟ დუ გუა - ასე ეწოდება გზას, რომელიც ბურნოფის ყურის ფსკერზე მდებარეობს და საფრანგეთის ხმელეთს კუნძულ ნუერმუტიესთან აკავშირებს.
პასაჟ დუ გუაზე მოძრაობა დღე-ღამის განმავლობაში ორჯერ, მხოლოდ წყლის მიქცევის შემდეგ, ისიც რამდენიმე საათითაა შესაძლებელი.
დანარჩენ დროს გზა 4 მეტრის სიმაღლეზე წყლით იფარება.
ბურნოფის ყურეში წყლის მიმოქცევის შედეგად წარმოქმნილი ეს ბუნებრივი გადასასვლელი, პირველად, 1701 წელს გამოშვებულ რუქებზეა დაფიქსირებული. 1840 წელს ფრანგებმა ამ გზაზე კაპიტალური ქვაფენილი დააგეს, რომელიც მგზავრებს ცხენით და ფურგუნებით გადაადგილების საშუალებას აძლევდა.
მართალია, გზის სიგრძე მხოლოდ 4,5 კილომეტრია და თითქოს მანძილი არცთუ ისე დიდია, მაგრამ საკმაოდ სახიფათოდ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ გადასასვლელი გზის ორივე მხარეს გამაფრთხილებელი ნიშნებია განლაგებული, რომელზეც მოქცევის დაწყებისა და მიქცევის დასრულების საათებია მითითებული, ყოველდღიურად მაინც უამრავი ადამიანი ებმება წყლის ხაფანგში.
ასეთი ხელმოცარული ადამიანებისთვის აგებულია სპეციალური კოშკები, სადაც ისინი წყლის კლებამდე დაიცდიან, მაგრამ თუ მოქცევა მანქანით მგზავრობისას დაიწყება, ავტომობილის გადარჩენა შეუძლებელი ხდება.
პარადოქსია, მაგრამ გზა, რომელიც პრაქტიკულად სულ წყლის ქვეშაა მიქცეული, იმდენად მყარად არის დაგებული, რომ ამდენი წლის მანძილზე არ ფუჭდება.