-
2014-10-17 11:31
Ambebi.ge-ს მკითხველი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა და საცობის ამსახველი ფოტომასალაც მიაწოდა.
„თითქმის უკვე ერთი საათია, სამსახურში მისვლას ვცდილობ.
თბილისში ასეთი საშინელი საცობი ჯერ არ მინახავს. დედაქალაქის ეს ნაწილი, თავისუფლად შეიძლება ითქვას, პარალიზებულია.
აზრი არ აქვს, რომელი ქუჩებით შეეცდები გადაადგილებას, მოძრაობა ყველა ქუჩაზე გაჩერებულია.
სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლთან ჩასასვლელი გზა თავად პატრულს ჰქონდა დაკეტილი.
მომიწია ალტერნატიული გზით წასვლა საბურთალოს მიმართულებით, თუმცა მორიგი დიდი საცობი თაბუკაშვილის ქუჩაზე დამხვდა.
მოძრაობა პარალიზებულია ელბაქიძესა და გალაკტიონის ხიდთან. აქ საპატრულო პოლიცია ცდილობს მოძრაობის გაწმენდას, თუმცა როგორც ვხედავ, ამას შედეგი არ მოაქვს", - ამბობს საცობში გაჭედილი მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ მოძრაობის შეფერხება ბუნებრივი აირის მილის დაზიანებას უკავშირდება.
თუმცა „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განაცხადეს,რომ მილის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.
„გაზის მილი იყო დაზიანებული, მაგრამ უკვე ერთი საათია, რეაბილიტაცია დასრულებულია. ახლა ალბათ, ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს", - განაცხადეს კომპანიაში.
მათივე განმარტებით, დაზიანებული მილის აღდგენის მიზნით სპეციალური ბრიგადა ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.
