-
2014-10-16 00:49
19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულ 4 პირს დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. ადვოკატი მათგან მხოლოდ ერთის, ალექსანდრე ჭანტურიას ინტერესებს იცავდა, რომელმაც დანაშაული აღიარა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ იოსებ გიორხელიძეს გამტაცებლები მომღერალ ზურა კობეშავიძის აგარაკზე მალავდნენ, რომელიც არმაზში მდებარეობს. თუმცა, სახლის მფლობელებმა ამის შეახებ არაფერი იცოდნენ.
მომღერალ ზურაბ კობეშავიძის მშობლები ამბობენ, რომ მათ არც გატაცებულის და არც გამტაცებლების შესახებ არა აქვთ ინფორმაცია. როგორც ამბობენ, მათ არც საკუთარ აგარაკზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებეზე იცოდნენ რამე.
საქმე ის არის, რომ პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გატაცებული არმაზში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე ჰყავდათ დამალული, რომელიც ვინმე ჭუმბურიძეს ეკუთვნოდა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ფოტომასალაზე ასახული სახლი კობეშავიძეების აგარაკის იდენტური ჩანს. "კურიერის" ჯგუფს, რომელიც ამ სახლში იმყოფებოდა, ჯერ დაუდასტურეს, რომ ეს სახლი მართლაც ვინმე ჭუმბურიძეს ეკუთვნოდა. თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს და თქვეს, რომ სახლი მომღერალ კობეშავიძეს და მის მამას ეკუთვნის, რომელსაც პოლიციელის ჩინიც აქვს.
კობეშავიძეები კი ამბობენ, რომ მათ არაფერი იციან არც იმის შესახებ, რომ აქ ვინმეს მალავდნენ და არც აქ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შესახებ.