
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ცხინვალის „ლიახვისა“ და „თბილისის“ ამხანაგურ მატჩს ეხმაურება.
„გულწრფელად გეტყვით, სულაც არაა ცუდი, მთავრობის წევრები და პირადად თქვენ, ფეხბურთს რომ თამაშობთ.
პირიქით, მართლა ძალიან კარგია და მივესალმები!
აბა რა, ფეხბურთიც უნდა ითამაშაოთ და საერთოდ, ჩემის აზრით, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რასაც კანონი არ გიკრძალავთ. ჩვენ, მთავრობის წევრებს, ფეხბურთიც გვითამაშია, კლდეებზეც გვიცოცია და დაივინგის პოპულარიზაციაც გაგვიკეთებია...
ერთხელ მაგალითად, ორფოლოს პოლიგონზე, ჯარისკაცებთან ერთად, ოქრუაშვილის დანაღმულ მინდორზე ვითამაშეთ ფეხბურთი. ჩემი თუ არ გჯერათ, კალაძეს ჰკითხეთ (იმ დროს, ჯერ კიდევ „ჩვენს გუნდში" თამაშობდა)
ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, დღეს რაღაცეებზე ძალიან "ვიხალისე", კარგია რომ ფეხბურთს თამაშობთ.
ცუდი იცით რა არის?!
უსტატუსო მილიარდერი რომ გმართავთ;
ქვეყანა რომ გაჩერებულია და ჩვენ დროს დაწყებული მშენებლობები(ღა) მთავრდება;
2 წელიწადში 3 მილიარდი ვალის დაგროვება რომ მოგვიწევს;
ბიუჯეტი რომ გარღვეული გვაქვს;
რუსეთისკენ რომ მივფოთხავთ მშვიდად, აუჩქარებლად და თითქოს-შეუმჩნევლად;
კრიმინალის დონე რომ იზრდება;
რაც კარგი იყო, ის რომ ქრება;
რაც ცუდი იყო, ის რომ იმატებს;
გაურკვეველი საგარეო პოლიტიკა რომ გვაქვს;
ინსტიტუციები რომ იშლება;
არაკომპეტენტურობის ზეიმებს რომ გვიწყობთ;
ხშირად, ქვეყნისთვის მავნებლურ გადაწყვეტილებებს რომ იღებთ;
რომ იცრუეთ და კიდევ ცრუობთ...
ეს და კიდევ უამრავი რამ ძალიან ცუდია ბ-ნო პრემიერო, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ ფეხბურთს, ძალიან კარგი ღონისძიება იყო და მივესალმები!
p.s. რაც ჩამოვთვალე, ისეთივე სიმართლეა, როგორც ის რომ დღეს ფეხბურთი ითამაშეთ", - წერს ხაჩიძე.
გუშინ ცხინვალის „ლიახვისა“ და „თბილისის“ ამხანაგური მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა. შეხვედრა გორის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა. მატჩში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სიმბოლურად, ორივე გუნდის შემადგენლობაში მიიღო. პირველი ტაიმი მან „თბილისის“ შემადგენლობაში ითამაშა, მეორე ტაიმი კი „ლიახვში“ იასპარეზა, სადაც სამი გოლი გაიტანა.
მატჩში ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა, 1 გოლი - მიხეილ ყაველაშვილმა, 1 ავტოგოლი ვალერი ჯელიევს ეკუთვნოდა, თუმცა, ჯელიევმა მეოთხე გოლი „ლიახვს“ გაუტანა.