შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ პროკურატურას სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალაში რჩება სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება ახალაიასთან დაკავშირებით.
ახალაიასთან ერთად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე 7 სპეცრაზმელის წამებაში ბრალდებული იყვნენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც საქალაქო სასამართლომ სრულად გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. ამის შემდეგ კი, საჩივარი პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში დაწერა.
ბაჩო ახალაიას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი ამბობს, რომ ოთხთვიანი განხილვის შემდეგ, პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად სცნო უზენაესმა სასამართლომაც. ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სასამართლოს ამ გადაწყევტილების გამო, წესით, პასუხისგებაში უნდა მისცენ საქმეში დაზარალებულად ცნობილი სპეცრაზმელები, რადგან მათ ცრუ ჩვენება მისცეს.
"ამ სპეცრაზმელებმა ცრუ ჩვენება მისცეს ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ. სამი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებულები გაამართლა და ახლა წესით, უნდა დაიწყოს დაზარალებულად ცნობილების დაკავება, ცრუ ჩვენებების საფუძველზე", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.