საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტის, ქეთევან მელაძის თქმით , „იდუმალი სტუმარი“ გააკონტროლებს რესტორნების მომსახურებას, ხარისხს და დარღვევების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირებაც მოყვება.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის დგინდება სტანდარტები, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.
„ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ რესტორნებისა და სასტუმროების განვითარებისკენ. ერთ-ერთ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ანონიმური კლიენტი. ვქმნით სტანდარტებს და ჩვენი მთავარი ამოცანაა მომსახურე პერსონალის გადამზადება.
შემდეგ უკვე ანონიმურ კლიენტის დანერგვაზეც ვფიქრობთ. აქ არ იქნება ინტრიგა ჩადებული, უბრალოდ ჩვენ გვექნება ჩვენი წარმოდგენა გარკვეულ რესტორანსა თუ სასტუმროზე. კარგი იქნება, რომ განვითარდეს ეს სფერო.
დარღვევების შემთხვევაში ჩვენ გავესაუბრებით მფლობელებს ხარვეზების გამოსწორების თაობაზე. სამომავლოდ შეიძლება რეაგირება გავაძლიეროთ", - აღნიშნა მელაძემ.
მისივე თქმით, „იდუმალი სტუმრის“ ამოქმედება სრულად 1-2 წლის განმავლობაში მოხდება.
„ინტერპრესნიუსი“