-
2014-10-10 11:28
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ მთავრობის შემადგენლობა წლის ბოლომდე შეიცვალოს.
„თანამდებობის პირებმა ერთი პრინციპი უნდა გაითავისონ როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლით გაგვახარეო. თანამდებობის დაკარგვის გამო ტრაგედია არავინ უნდა შექმნას.
ხელისუფლებამ თავი ევროსაბჭოს დეპუტატს კი არა, საქართველოს მოქალაქეს უნდა მოაწონოს. ჩვენ ვამბობთ, საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია. პროკურატურაში 20 ათასი სარჩელი მე დავწერე, თუ ეს საჩივრები სანაგვეში გადავყაროთ?
სასამართლო თავისუფალია. დღეს ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესები პირდაპირ ეთერში შუქდება, როცა ორი წლის წინ ჟურნალისტს დარბაზშიც კი არ უშვებდნენ. არაერთი ჟურნალისტი ვიცი, რომელსაც შეურაცხყვეს და სცემეს.
არჩევნებს არავინ აყალბებს, ციხეში ადამიანებს არ აუპატიურებენ და პირადად ჩემთვის ეს ყველაზე დიდი მონაპოვარია! არაფერს ნიშნავს, რომ შეკრებითობის მუხლები გაუქმდა და ახალგაზრდებს წვრილმანი ქურდობისთვის ციხეში 30 წლით არ აგზავნიან, „ცე“ ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მაჩვენებელი 300%-ით, სააფთიაქო ნარკომანია კი 92% შემცირდა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ?
ვაკეში ვცხოვრობ, 22 წლის ბიჭი მყავს და ვიცი, რაც ხდებოდა. ჩემ სახლთან 5 ფსიქოტროპული აფთიაქი 24 საათი მუშაობდა. კი ბატონო, მეც მაქსიმალისტი ვარ, მაგრამ საზოგადოებას ფლიდობისთვის არ აურჩევივართ. ევროსაბჭოში კანდელაკმა გაჯობათო, რომ გვეუბნებიან, კანდელაკი გაქნილი ნაძირალა, ყალბი კაცია!
ბურჯანაძეც რომ გვეუბნება, რეზოლუცია თქვენი სისუსტის შედეგიაო, კარგად მახსოვს, ნაციონალებმა დასავლეთში ფლიდობა სწორედ ბურჯანაძესთან ერთად დაიწყეს და შემდეგ მის გარეშე გააგრძელეს!
ევროსაბჭოს დეპუტატებს მოვუწოდებ, ჩამოვიდნენ და ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესებს დაესწრონ. სიმართლე გითხრათ, სამართლიანობის აღდგენის ტემპი არც მე მომწონს და ის 20 ათასი საჩივარი ბოლომდე მისაყვანია, რათა მტყუან-მართალი ერთხელ და სამუდამოდ გავარჩიოთ, ოღონდ ისე, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არავინ ჩაერიოს.
ეს დამოკიდებულია სასამართლოზე. ვვარაუდობ, გახმაურებული საქმეები წლის ბოლომდე ან 2015 წლის დასაწყისში გაიხსნება. ასე რომ, ვფიქრობ, ხმაურიანი დაკავებები გველის“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
„ვერსია“