
ჟურნალისტი ელისო კილაძე მის ხელთ არსებული ვლადიმერ ბედუკაძის ათასობით ჩანაწერიდან რამდენიმეს ექსკლუზიურად "კურიერისთვის" ასაჯაროვებს.
კილაძე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ ბედუკაძეზე გამოცხადებული ძებნაც და მის მიმართ პატიმრების წამების ფაქტზე წაყენებული ბრალიც ფორმალობა იყო რადგან აუდიო ჩანაწერში ბედუკაძისა და პროკურატურის მაღალჩინოსნების საუბარია ასახული.
ეს უკანასკნელი კი მაშინ არის ჩაწერილი, როდესაც ციხის სკანდალური კადრების ავტორი ჯერ კიდევ ბელგიაში იმყოფებოდა და პროკურატურა მას ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა.
ჩანაწერში ბედუკაძეს მთავარი პროკურატურის საგამოძიებოს უფროსის მოადგილე ხათუნა კალანდაძე სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვის პირობებს უთანხმებს და ეკითხება თუ რა პირობით და როგორი ფორმით სურს ბედუკაძეს დაკითხვის ჩატარება. ვლადიმერ ბედუკაძის მოთხოვნა სააკაშვილის მთავრობის დროინდელი პროკურორების დაკითხვიდან ჩამოცილებაა, რაზეც ის კალანდაძისგან თანხმობას იღებს.
კილაძის მტკიცებით პროკურატურის ფორმალურ ქმედებებს კიდევ ერთი ჩანაწერი ადასტურებს, რომელშიც ერთმანეთს ჟურნალისტი ზაზა დავითაია და ვლადიმერ ბედუკაძე ელაპარაკებიან. საუბრიდან ირკვევა, რომ ბედუკაძესთან საგამოძიებო უწყებას წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული ბრალის მოხსნისა და მასზე გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის დეტალები.
ამ ჩანაწერს ეხმიანება "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, რომელიც წერს, რომ ამ შეთანხმების შედეგად მიღებული ჩვენების მიხედვით სერგო თეთრაძის საქმეზე ბრალი წაუყენეს ბაჩო ახალაიას:
"ლადო ბედუკაძეს სკაიპით ურეკავს კბილაშვილის პრესსპიკერი ხათუნა პაიჭაძე და ბედუკაძეს ალაპარაკებს საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეს ვინმე ხათუნას, რომელიც ბედუკაძეს ეუბნება: თეთრაძეზე ჩვენება მომეცი და შენი პირობები მითხარი რა გინდა ჩვენების სანაცვლოდო.
და სწორედ ამ ჩვენებით წაუყენეს ბაჩოს ბოლო ბრალი (2014 წლის 5 ივლისს, აი, 26 ივლისს რომ არ გამოსულიყო ციხიდან მაგიტომ), სადაც ბედუკაძე ერთადერთი და მთავარი მოწმეა, ხოლო სისხლის სამართლის საქმე შეგახსენებთ სულ რაღაც 15 ფურცლისგან შედგება!"