
მსახიობ გია კორკოტაშვილს, იგივე „კორკოტას“, ხელისუფლების ლოდინში იმედი გადაეწურა და თავად აპირებს სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლის დაწყებას.
„რადგან კითხვები დაგროვდა, ხელისუფლების სისუსტეა, რომ არ ეკითხება ამ 2 წლის განმავლობაში ხალხს, მიდის თუ არა სწორად, რა შეცდომები დაუშვა, რომ გამოასწოროს, მომავალში უფრო რომ გაუადვილდეს ხალხთან ურთიერთობა.
ეს მომენტი დარღვეულია და ჩანს, რომ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ხევი იზრდება“, -აცხადებს კორკოტაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლება დაშორდა საზოგადოებას, რაც მომავალში მეტ შეცდომას განაპირობებს.
„თუ ხელისუფლება საზოგადოებასთან ახლოს არ არის, ყოველთვის დაუშვებს შეცდომებს, გამომდინარე იქიდან, რომ პულსზე ხელი არ გიდევს და არ იცი, რა სჭირდება ხალხს დღეს. ამიტომ საზოგადოება ითხოვს პასუხებს, საზოგადოება არის გადამწყვეტი, რა უნდა გააკეთოს.
პარლამენტში რა საზოგადოებაცაა მოსული, იმდროინდელი მოცემულობით და ლიდერისადმი სრული კარტბლანშით მოვიდნენ. მთელი ელექტორატი მიიჩნევდა, რომ მონსტრის დასამარცხებლად ყველას გაერთიანებაა საჭირო. გავიდა დრო და შიგნით არასიმპათიები გამოიწვია სხვადასხვა მიმართულებებმა“, - აღნიშნა მან.
კორკოტაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას კანონი კანონობდეს.
„ამაზე მეტ სიმართლეს ვინმე იტყვის, რაც დავწერე? თუ ვინმე გამომეხმაურება ხელისუფლებიდან და ჭკუის დარიგებას დამიწყებს, მაშინ მართლა უტვინო ყოფილა, რადგან მე ვეუბნები სიმართლეს, უნდა შეხედოს იმ კუთხიდან, რომ ეს „პოსტი“ მათ გამოსაღვიძებლად დავწერე.
თუ ასე არ მიიღებენ, დამთავრებულა ცხოვრება და ეგაა. მოთმინების ფიალა ავსებულია უკვე. როცა პროცესი იწელება და ხედავს ხალხი, რომ „ნაციონალები“ კიდე ხმას იღებენ, ამას ვერ აიტანს საზოგადოება. სადაც შემხვდებიან ეგენი, პირველივე შემხვედრი იგრძნობს ჩემგან, როგორია მათდამი დამოკიდებულება. გარწმუნებთ, ღიმილით არ შევხვდები. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ კანონი უნდა განხორციელდეს.
ჩემი მიზანი არის ერთი: იმის გამო, რომ უამრავი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ზოგი ვიღაცის „კრიშის“ ქვეშაა, ზოგი ვიღაც გრიშასგან იმართება, მე მინდა, შევკრიბო საზოგადოება, რომ ვთქვა, ჩვენ არ ვიკრიბებით სამიტინგოდ, უნდა დავაფიქსიროთ, რომ საზოგადოება ცოცხალია და ვერ ავიტანთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ვერც „თავისუფალი ზონის“ მხრიდან, ვერც სხვების მხრიდან.
სახელმწიფოს, პირადად ღარიბაშვილს მივმართავთ პეტიციის სახით და იქვე ვიტყვით, ვინც კანონს დაარღვევს და არ დასჯიან, ჩავთვლით, რომ ესე იგი, საქმე კარგად ვერაა და მაშინ, ჩვენ დავსჯით. ყველა ავადმყოფს თავიდან ამოვუგდებთ პროვოკაციებს“, - აცხადებს ის.
„ალია“