
„ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ მუშაობა ჩვენი საქმიანობის წარმოჩენის გზით და ამ მიმართულებით მთავრობამ მედიასთან სერიოზულად უნდა იმუშაოს, რომ დილით, ნაცვლად ნეგატივისა, პოზიტიური განწყობა შევუქმნათ“,
- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი განვლილ 2 წელს აფასებს.
„ძალიან სერიოზული რეფორმები განხორციელდა ჯანდაცვის სფეროში. არის პოზიტიური ძვრები ბოლო პერიოდში ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. იყო გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორებიც. ვერ მივაღწიეთ ყველა დაგეგმილ შედეგს. ამას აქვს თავისი მიზეზები, რომლებზეც ახლა არ შევჩერდები“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხში რეალური მიღწევაა ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე გადის.
„ის, რომ დღესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე „ბერლინის კედლების“ მშენებლობა და ჩვენი მოქალაქეების მეკობრეების სტილში გატაცება ხდება, არის ყოვლად მიუღებელი, მაგრამ, რეალურად, ჩვენი ხელისუფლების გამოცდაა, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს და არ შევქმნათ ნიადაგი ესკალაციისთვის“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.