
"თავისუფალი თაობის" წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი "თავისუფალი ზონის" ოფისთან იმისთვის მივიდნენ, რათა ზაზა დავითაიას ცემის დეტალები გაერკვიათ და ითხოვდნენ "თავისუფალი ზონის" წევრებთან შეხვედრას. "თავისუფალი ზონის" წევრები კი აცხადებენ, რომ ოფისში დაახლოებით 50 ადამიანი შეიჭრა, ყველაფერი დალეწეს და "ზონის" წევრები სცემეს.
დაპირისპირების დროს დაშავდა ასევე კობა ხაბაზი, რომელიც აცხადებს, რომ სამართალდამცველებს ოფისზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წინასწარ შეატყობინა, მაგრამ "მათ მისცეს ნება ივანიშვილისა და ღარიბაშვილის "ტიტუშკებს", შეჭრილიყვნენ ოფისში".
ამავე დროს, კობა ხაბაზი კატეგორიულად უარყოფს "ავაზის" ყოფილი მეთაურის, საქართველოს არმიის რიგებიდან იარაღით ვაჭრობისა და ადამიანის გატაცების ორგანიზების გამო დათხოვილი პოლკოვნიკის ტრისტან წითელაშვილის ბრალდებას, თითქოს მას (ხაბაზს) იარაღი ჰქონდა: "იარაღი არასდროს მიტარებია მარტივი მიზეზით: ტიტუშკებსა და მოღალატეებს მუშტით უკეთ ვუსწორდები", - განაცხადა ხაბაზმა.
ამასთან, ტრისტან წითელაშვილი ამბობს, რომ "თავისუფალი ზონის" წევრები ოფისის ერთი ოთახიდან გამოვარდნენ: "კობა ხაბაზს ეჭირა იარაღი, მის უკან მდგარ ბრბოსაც ეჭირა სხვადასხვა სახის იარაღი, როგორც დანები, ასევე ხელკეტები", - აცხადებს ის.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ზაზა დავითაიას თავს დაესხნენ და სცემეს. ამჟამად საავადმყოფოში მყოფი დავითაია ამბობს, რომ მას "თავისუფალი ზონის" წევრები დაესხნენ თავს.
"აფხაზეთის ხმამ" შემთხვევის ადგილზე გადაიღო "თავისუფალი ზონის" დარბეული ოფისი და მიმდებარე ტერიტორია. პოლიციამ დააკავა "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" რამდენიმე წარმომადგენელი. დაკავებულთა შორისაა "თავისუფალი ზონის" წევრი დავით გოგოხია, რომელსაც ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სხვისი ნივთის დაზიანება ედება - ოფიციალური ინფორმაციით, მან გაბზარა პოლიციელის რაცია, ხოლო თავად პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. ამ ფაქტს "თავისუფალ ზონაში" უარყოფენ.
"აფხაზეთის ხმის" ფოტოები, "მედიამალის" ვიდეო "არჩევანიდან"