
კიევის ევრომაიდნისა ავტომაიდნის წარმომადგენლებმა წინააღმდეგობის მოძრაობის ერთიან ლიდერად ვიტალი კლიჩკო დაასახელეს.
ამის შესახებ ავტომაიდნელები სოციალურ ქსელებში წერენ და უთითებენ, რომ ერთადერთი ლიდერი ოპოზიციიდან, რომელიც წინა ხაზზე იდგა „ბერკუტთან“ დაპირისპირების დროს, სწორედ ვიტალი კლიჩკო იყო.
კიევში ამ დროისთვის შედარებით სიმშვიდეა. ევრომაიდანზე დემონსტრანტები ისევ დგანან, გრუშევსკის ქუჩაზე ერთმანეთის პირისპირ ასევე ძალოვნები და აქტივისტები არიან განთავსებული.
პოლონეთის პროფკავშირების წარმომადგენლებმა, რომელთა მეთაურობით პოლონეთში გამართულმა აქციებმა იქ კომუნისტური რეჟიმი დაამხო, უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და მოუწოდა, ბოლომდე იბრძოლონ დამოუკიდებლობისთვის.
სოლიდარობის ვეტერანებმა გავრცელებულ ვიდეორგოლში აღნიშნეს, რომ პოლონეთში არც მათი ბრძოლა ყოფილა იოლი და უკრაინელებს მოუწოდეს, მზად იყვნენ სიძნელეებისთვის.