
მილიციელებთან და რადას დეპუტატთან ერთად ჟურნალისტებიც დაშავდნენ კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე მიმდინარე 13 სააათიანი დაპირისპირების დროს დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის.
დაშავებული ჟურნალისტების შესახებ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა მიროსლავა ღონღაძემ დაწერა, რომელიც თავის მხრივ, მეგობრის მიმოწერას დაეყრდნო. ღონღაძის მეგობარმა თავად ნახა საავადმყოფოში დაშავებული ჟურნალისტები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ.
ნაცემი და დაშავებული არიან Spilno.tv–სა და ICTV–ს ჟურნალისტები, რომლებიც პრესის მუშაკებისთვის განკუთვნილი ჟილეტებით გადაადგილდებოდნენ. მათ რეზინის ტყვიებიც აქვთ მოხვედრილი, რომელიც მილიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა.
უკრაინის შსს–ს მინაცემებით, დაშავებული მილიციელების რაოდენობამ 70–ს გადააჭარბა, მათგან 49 კი ჰოსპიტალიზებულია. გრუშევსკის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებში ჩაერთო შინაგანი ჯარიც. შსს აცხადებს, რომ რამდენიმე ათეული აქტივისტი დააკავეს. დაშავებულთა შორისაა დეპუტატი და ევრომაიდნის მოხალისეთა თავდაცვითი რაზმების მეთაური ანდრეი პარუბი.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ დემონსტრანტებმა ძალოვნების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს. ამასთან, ევრომაიდნის დასაცავად აქტივისტებმა ქვაფენილი აყარეს და ქვის ფილებით შეიარაღდნენ.
გრუშევსკიზე ცოტა ხნის წინ აფეთქების ხმაც გაისმა – აფეთქდა „ვაზ 2103“ მარკის ავტომობილი, რომელიც დაპირისპირებულ ძალოვნებსა და მომიტინგეებს შორის იდგა. სავარაუდოდ, ის ერთერთ ძალოვანს ეკუთვნოდა.
ამ დროისთვის დაპირისპირებული მხარეები ისევ თავიანთ პოზიციებზე დგანან. ამავე დროს, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში მოქალაქეები ბლოკავენ ქალაქიდან კიევის მიმართულებით გასასვლელებს, რათა შინაგანი ჯარის კიევში შესვლა აღკვეთონ.
მაგალითად, ლუცკიდან კიევისკენ გამავალი ავტომაგისტრალი ადგილობრივმა ევრომაიდნელებმა გადაკეტეს და შინაგანი ჯარის ავტობუსებს ქალაქიდან გასვლის საშუალება არ მისცეს. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, შინაგანი ჯარის ნაწილები კიევისკენ ტერნოპოლიდანაც მიემართებიან.
უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით მოამზადა ლაშა ბერულავამ