
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ლიდერს ანდრეი კლუევს უკრაინის პრეზიდენტმა ევრომაიდნის ლიდერებთან შეხვედრა და მოლაპარაკება დაავალა.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს და მასში ნათქვამია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა კლუევს სპეციალური ანტიკრიზისული კომისიის შექმნის მითითება მისცა. მითითების მიხედვით, კომისიაში უნდა შევიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები.
შეგახსენებთ, რომ კიევის ქუჩებში დემონსტრანტებსა და „ბერკუტის“ წევრებს შორის დაპირისპირების დაწყების შემდეგ ოპოზიციის ერთერთი ლიდერი ვიქტორ კლიჩკო უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა და მისგან სწორედ ამ კომისიის შექმნის პირობა მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა ევრომაიდანზე შეკრებილ მოქალაქეებს აცნობეს, მაგრამ ამ ცნობას ისინი დიდი ენთუზიზმით არ შეხვედრიან. მომიტინგეთა ნაწილი ევრომაიდნის მისადგომებთან ისევ ბარიკადებს ამაგრებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბერკუტი“ ევრომაიდნის დასაშლელად ემზადება.
უკრაინის სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და უწყებების მონაცემების მიხედვით, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის კიევის დროით დღეს, 15:00 საათზე დაწყებული შეტაკებების დროს 100–ზე მეტი ადამიანი დაზიანდა. აქედან დაახლოებით 70, ქვეყნის შსს–ს ცნობით, მილიციელია.
სულ შეტაკებების დროს დემონსტრანტებმა დაწვეს შსს–ს კუთვნილი ოთხი ავტობუსი და ორი სატვირთო ავტომანქანა.
ბოლო მონაცემებით, გრუშევსკის ქუჩაზე შეკრებილი დემონსტრანტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ „ბერკუტი“ რეზინის ტყვიებს იყენებს. მანამდე შსს–მ უკვე გამოიყენა წყლიოს ჭავლი, მანათობელ–ხმოვანი ყუმბარები, ხელკეტები და ფარები.
ამავე დროს, უკრაინული მედიის ბოლო ცნობების მიხედვით, ლვოვის ევრომაიდნის მონაწილეებმა ქალაქში მდებარე ერთერთი სამხედრო ნაწილის შესასვლელის ბლოკირება დაიწყეს. ევრომაიდნელების განცხადებით, აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული სამხედრო ნაწილიდან შენაერთების გაგზავნა კიევში, ევრომაიდნის წინააღმდეგ იგეგმება.