
მომღერლის თქმით, ძალიან ბედნიერია, რომ საბურთალოზე გაზრდილს ისევ ამ უბანში უწევს ცხოვრება.
„არასდროს მქონია პრეტენზია იმაზე, რომ ვაკეში, საბურთალოზე ან ვერაზე მეცხოვრა.
როცა სახლი არ გაქვს, მაშინ უბნებს კი არა, საკუთარ ჭერს ეძებ, მაგრამ ახლა ძალიან მიხარია ის, რომ საბურთალოზე გავიზარდე და ისევ ამ უბანში მიწევს ცხოვრება. მოკლედ, ვერ აგიხსნით, რა ძალა დამჭირდა იმისთვის, რომ ეს საიდუმლო ამდენი ხნით შემენახა. დედაც მალავდა.
ტელევიზიაშიც კი არავინ იცოდა. დედაჩემი დღემდე ვერ გამოდის მდგომარეობიდან. ახლაც რომ მოდის ამ სახლში, კედლებს ხელით ეხება და უცნაურ კითხვებს სვამს; ეს მართლა ჩვენია? სახლში წყალი მართლა აღარ ჩამოგვივა, აბაზანა და საპირფარეშო შინ გვექნება? ზამთარში ეზოში სარეცხის რეცხვა აღარ მოგვიწევს? ჭურჭელსაც ცხელი წყალში დავრეცხავ?
ასეთ კითხვებს, რომ სვამს, მეცოდება, თვალზე ცრემლი მადგება ხოლმე. სახლი გარემონტებულია, ყველაფერი გაკეთებულია. უბრალოდ, ბუნებრივი აირი არ არის ბინაში. ეს პრობლემაც მალე მოგვარდება და გადმოვალთ.
თან იმის გამო, რომ პატარა ბინაში ვცხოვრობდით ქირით, ავეჯი არ გვაქვს. ყველაფერს ეშველება, მთავარია, რომ საკუთარი ჭერი გვაქვს. მაცივარი, გაზქურა და ტელევიზორი გვაჩუქეს. ჩვენ ტანსაცმლის კარადა შევიძინეთ.
დასაწოლი გვექნება, საჭმლის მოსამზადებელიც, დასაბანი საშუალებაც და გაზს შემოიყვანენ თუ არა ბინაში, გადმოვალთ. იმის საშუალება არ არის, რომ ყველაფერი ერთად შევიძინოთ. ნელ-ნელა შევმატებთ სახლს ავეჯს. ქირის ფული გადასახდელი აღარ გვექნება“, - აცხადებს სალომე ტეტიაშვილი.
„რეიტინგი“