
კომპანია "ბიუ ბიუ" პასუხობს მომხმარებელს, რომელმაც "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა, რომ "ბიობიოში" შეძენილ ქათმის ფილეში მცირე ზომის უამრავი მატლი იპოვა. ეს ფოტო "აფხაზეთის ხმაზეც" გამოქვეყნდა.
აქვე, "აფხაზეთის ხმის" სახელით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მედიაგამოცემას არ ჰქონია მიზნად "ბიუბიუს" პროდუქციის რეკლამირება და არც მისი ანტირეკლამით დაკავებულა: რუბრიკაში "სოცქსელები" პერიოდულად ქვეყნდება სოციალურ ქსელებში პოპულარული და გამოხმაურებების მქონე პოსტები, სტატუსები და ფოტოები. იქედან გამომდინარე, რომ პოსტის ავტორს თავად კომპანიის გვერდი ჰქონდა მონიშნული და მას კომპანია გამოეხმაურა, აქვე ვაქვეყნებთ საპასუხო განცხადებასაც:
კომპანია ბიუბიუს პასუხი:
"მოგესალმებით ძვირფასო მომხმარებლებო! გვინდა კომენტარი გავაკეთოთ Facebook -ზე გავრცელებული პოსტის თაობაზე. მომხმარებელი ანანო ბაქრაძე ამტკიცებს, რომ ჩვენს საფირმო ჯიხურში შეიძინა ფილე, რომელშიც შეწვის შემდეგ აღმოაჩინა მატლები.
პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენს მიერ წარმოებული თითოეული პარტია მოწმდება მიკრობიოლოგიურად ჩვენს ლაბორატორიაში, და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება პროდუქციის სარეალიზაციოდ გატანა.
ერთ წელზე მეტია ვმუშაობთ და მსგავსი შემთხვევა არც ერთხელ არ დაფიქსირებულა.
ამასთან, გეტყვით, რომ თითქმის შეუძლებელია ქათმის ხორცში გაჩნდეს მატლი, თუ ეს ხდება, მაშინ ხორცი უნდა იყოს იმ დონემდე დამპალი და უნდა ჰქონდეს ისეთი მძაფრი სუნი, რომ შეუძლებელია ადამიანმა ის შეიძინოს. ასეთი სიდამპლე შენახვის პირობების დაუცველადაც კი მხოლოდ რამდენიმე კვირაში შეიძლება გაჩნდეს, რაც ჩვენს შემთხვეევაში წარმოუდგენელია, რადგან ჯიხურში დღის ბოლოს არ რჩება არც ერთი კილოგრამი პროდუქცია. ყოველ დღე ვამარაგებთ ახალ დაკლული ქათმის ხორცით, და პროდუქციის შენახვის პირობები მკაცრადაა დაცული.
ასევე ფოტოზე ნამდვილად არ ჩანს რა “მატლებზეა” საუბარი, მომხმარებელს არ აქვს ჩეკი, რომ დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად ჩვენთან შეიძინა პროდუქცია.
ბოლოს, გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ამ ბრალდებას არ ვიღებთ, და იმედს ვიტოვებთ, რომ მომხმარებელი უბრალოდ შეცდა, და ეს არ იყო გამიზნულად ჩვენს საწინააღმდეგოდ აგორებული ტალღა.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, და გელოდებით ყველას ჩვენს ჯიხურებში! ".