
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტი ულტიმატუმით მიმართავს.
ილია კოკაია სამ დღეში ზვიად სიჭინავას გადადგომას ითხოვს:
„სიჭინავა, გადადექი 3 დღეში!“ ეს განცხადება საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა:
"ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი გარემოს შექმნას იმისთვის, რომ კლუბებმა შევძლოთ ნორმალურ სიტუაციაში მუშაობა“,-აცხადებს ილია კოკაია.
ულტიმატუმის საფუძველი საფეხბურთო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ზესტაფონის ყოფილი ფეხბურთელი თორნიკე გორგიაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა და საფეხბურთო კლუბი ზესტაფონის წინააღმდეგ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.
ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ამბობს, რომ არბიტრაჟი, რომელმაც გორგიაშვილის საქმე განიხილა, ფედერაციისგან დამოუკიდებელი ორგანოა:
„არბიტრაჟი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ჩვენ მათ საქმიანობაში საერთოდ არ ვერევით, შესაბამისად გაუგებარია კოკაიას ულტიმატუმი. იმედი მაქვს ის კარგად დაფიქრდება და ქართული ფეხბურთის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს“,-განაცხადა რევაზ არველაძემ, თავად სიჭინავას კი კომენატრი არ გაუკეთებია.