
სამართალდამცავთა ჩვენებებით, ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის ღამეს, დაახლოებით, 30-კაციან ჯგუფს მართავდა და მათ საქართველოს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურორმა, ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ პროკურატურა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, ვინაიდან საქმეში ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ჯგუფური მოქმედების ორგანიზების დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს.
„სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია და ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიაზიარა. საამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. რაც შეეხება ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას, რაც ირაკლი ოქრუაშვილს ასევე ბრალად ჰქონდა წარდგენილი, გამართლდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არასაკმარისად იყო წარდგენილი. ბრალდების მხარის პოზიცია დამოკიდებული იყო სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებზე, რითაც დასტურდებოდა, როგორც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, ასევე მისი ხელმძღვანელობა. არაერთი მოწმე ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაახლოებით, 30-კაციან ჯგუფს მართავდა, მოუწოდებდა მათ საქართველოს პარლამენტში შესულიყვნენ, ამის დამადასტურებელი არაერთი ვიდეოჩანაწერი გამოვიკვლიეთ, ასევე გამოვიკვლიეთ დასკვნა, რომლის მიხედვით ირაკლი ოქრუაშვილი დროის იმ მონაკვეთში ამბობს ფრაზებს - „წავიდეთ, წავიდეთ“, როცა საქართველოს პარლამენტზე შტურმი ხორციელდებოდა. აღნიშნული მტკიცებულების შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენ დაველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გავეცნობით და შემდეგ გავასაჩივრებთ. პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი დაიკითხა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიციის კორდონთან, დაახლოებით, 30 ადამიანთან ერთად მივიდა, მათ მართავდა და მოუწოდებდა, რომ პოლიციის კორდონი გაერღვიათ. როგორც უკვე მოგახსენებთ, აღნიშნულის ვიდეომასალაც და დასკვნაც არსებობს“, - განაცხადა ვაჟა თოდუამ.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.