
საქართველო და სომხეთი "მეგობრობის ხიდს" ააშენებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერევანში , სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მომეცა საშუალება, კიდევ ერთხელ მომენახულებინა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ საქართველოს და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა. ჩვენ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა გავზარდეთ 46%-ით, ხოლო გასულ წელს 50%-ით, თუ შევადარებთ 2012 წელს და ჩვენ რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის იმართებოდეს არა მხოლოდ უმაღლეს დონეზე შეხვედრები, არამედ კიდევ უფრო თუ გაღრმავდება დარგობრივ უწყებებს შორის თანამშრომლობა.
ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და განვიხილეთ თანამშროლობის ფართო სპექტრი. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ გვაქვს ტურისტთა ნაკადის ზრდის დადებითი ტენდენცია და შევთანხმდით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.