
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“, რომელიც ყოფილმა პრემიერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, საგანგებო განცხადებით ეხმიანება მედიაექსპერტ ია ანთაძის მიერ ივანიშვილთან დაკავშირებულ მოსაზრებებს.
„მოქალაქის“ განცხადებას ია ანთაძის პასუხი მოჰყვა. „აფხაზეთის ხმა“ თავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებასა და ია ანთაძის პასუხს ამ განცხადებაზე. „მოქალაქის“ განცხადება "13 ივლისს, ერთ-ერთ ტელეარხზე მიწვეულმა ცნობილმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა საუბრისას განაცხადა:
,,ივანიშვილმა ცუდად იცის, რა არის დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება". სამწუხაროდ, გადაცემის წამყვანს არ გაუჩნდა პროფესიონალისათვის შესაფერისი ან თუნდაც ლოგიკური სურვილი, სტუმრისათვის ეთხოვა, განემარტა თავისი დასკვნა და დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა იგი დემოკრატიის ,,ცუდად ცოდნაში". თავისთავად მისასალმებელია, რომ დღეს, უკვე თავისუფალ მედიაგარემოში იწყება საუბრები დემოკრატიის რაობაზე, რადგან სწორედ ამგვარი თემების პოპულარიზაცია და საზოგადოებრივი განხილვა მიაჩნია ორგანიზაცია ,,მოქალაქეს" დემოკრატიის გამყარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად. ამასთან, არ შეიძლება კიდევ ერთხელ ყურადღება არ გავამახვილოთ ზოგიერთ ფაქტორზე, რომელიც ხელს უშლის დემოკრატიის დამკვიდრებას, - ეს არის ზედაპირულობა და არაპროფესიონალიზმი, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსჯელობისას.
სამწუხაროდ, ამ ეთერში ჩვენ ორივეს მოწმენი გავხდით: გაკეთდა ზედაპირული განცხადება და მას არ მოჰყვა ის რეაგირება, რომელსაც ითხოვს დაინტერესებული აუდიტორიის წინაშე პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი. ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება და ყოველმხრივ მხარს უჭერს დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თემაზე მედიაში ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყებას და მოუწოდებს ამ დისკუსიაში ჩართულ ჟურნალისტებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს, გაითვალისწინონ ახლო წარსულის მწარე გამოცდილება, როდესაც ხელისუფლების, მედიისა და საექსპერტო წრეების მხრიდან ტირაჟირებულმა ზედაპირულმა, ხშირ შემთხვევაში კი მიზანმიმართულად დამახინჯებულმა განცხადებებმა თუ კომენტარებმა საზოგადოებას შეუქმნა შესაბამისად დამახინჯებული წარმოდგენა, მათ შორის, დემოკრატიის არსსა და მის რაობაზე. გამოვთქვამთ რწმენას, რომ პოლიტიკური სპექტრი, მედია და არასამთავრობო სექტორი მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენს და განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებების საზოგადოებამდე სწორად, სიღრმისეულად და კვალიფიციურად მიტანის საკითხს.
ამ მხრივ, განსაკუთრებული და განუზომლად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მედიას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტების პროფესიონალიზმს, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში რეალური დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბებაში, მისი ქმედუნარიანობის მუდმივ მონიტორინგსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში. ეს აუცილებლად გააძლიერებს ჩვენს საზოგადოებას.ჩვენ განგებ ავარიდეთ თავი კონკრეტული პერსონების დასახელებას, რათა არ მივცეთ საშუალება დაინტერესებულ ძალებს დამახინჯებული ინტერპრეტაცია მისცენ აღნიშნულ თემას.ორგანიზაცია „მოქალაქის" აღმასრულებელი დირექტორი - ნ. ჩხეტიანი“.
ია ანთაძის პასუხი ორგანიზაცია „მოქალაქის“ განცხადებაზე: "მე ამ განცხადებაზე მაქვს ერთადერთი კომენტარი, დიდი სიამოვნებით ჩავერთვები ამ საკითხის სიღრმისეულ განხილვაში. თუ ჩვენ საფუძვლიანად ვისაუბრებთ იმაზე, მე რა მიმაჩნია მე დემოკარტიის ნაკლებობა დ დღევადელ საქართველოსი და კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი რაში შეიძლებოდა ყოფილიყო მეტი და არ არის.
ეს იქნებოდა ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო თემა. მე "ვახო სანაიას "რეპორტაჟში" საუბრისას ვთქვი, რომ ჩემი წარმოდგენები დემოკარტიაზე და ბატონი ივანიშვილის წარმოდგენები დემოკრატიაზე განსხვავდება ერთმანეთისგან. მე ვთქვი ,რომ მას საკუთარი გადაცემით შეუძლია მოსახლეობის ნდობა ან გაზარდოს ან შეამციროს, მე კი მიმაჩნია, რომ დემოკარტიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის გაძლიერება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი ადამიანის მისამართით ნდობის გაძლიერება.
შეიძლება ეს იყო მათთვის ზედაპირული მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი რას ვამბობდი და თუ ამ საკითხს მათთან ერთად განვიხილავ ვიქნები მოხარული. მე მიმაჩნია, რომ ბიძნა ივანიშვილს შეეძლო ბევრად მეტი გაეკეთებინა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით ეს , რომ ყოფილიყო მისი პრიორიტეტი. ვაფასებ იმას რაც გაკეთდა მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, ვაფასებ იმას , რომ ადამიანებს შიში აღარ აქვთ და ბევრ რამეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ სრულიად არასაკმარისია. ძალიან ცენტრალიზებული სისტემა აიგო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და მე ვერ ვხედავ სურვილს , რომ ეს ცენტრალიზებული სისტემა დაინგრეს“.