
რადიო „აფხაზეთის ხმას“ ერთერთმა ყოფილმა პატიმარმა გამოუგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ბლანკზე დაბეჭდილი წერილის ფოტოასლი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წერილები ამ ტექსტით სხვა ყოფილ პატიმრებსაც ეგზავნება.
რადიო "აფხაზეთის ხმის" ექსკლუზივი
წერილი 12 ნოემბრით თარიღდება და მასში მითითებულია, რომ „ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ ატარებს ფართომასშტაბიან პროექტს, რომლის მიზანია ანგარიშის მომზადება, რომელშიც შეფასებული იქნება წამების როლი საქართველოს სისხლის მართლმსაჯულების სისტემაში“.
სამინისტრო მიმართავს ყოფილ პატიმრებს, რომ ანგარიშის მომზადებისთვის მათ მონაწილეობას გამოკითხვაში „სასიცოცხლო მნიშვნელობა“ აქვს.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხვის მიზანია, შეგროვდეს „სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული პირობებისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ“ ინფორმაცია, რათა ისინი გაითვალისწინონ და თავიდან იქნას აცილებული.
იმის გამო, რომ წერილის მიხედვით, სამინისტროს არა აქვს უფლება, გასცეს ყოფილი პატიმრების საკონტაქტო ინფორმაცია, წერილში მითითებულია მობილური ტელეფონისა და ოფისის ნომერი, პიროვნების დასახელებით, ვისთან დაკავშირებასაც ყოფილ პატიმრებს სთავაზობენ.
„აფხაზეთის ხმამ“ ჯერ სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში, შემდეგ კი მითითებულთაგან ერთერთ ნომერზე გადაამოწმა წერილის ნამდვილობა და დაადგინა, რომ კვლევა ნამდვილად ტარდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაკვეთით, წერილები კი ყოფილ პატიმრებთან ნამდვილად იგზავნება სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთერთი დეპარტამენტიდან.
როგორც დამატებით შევიტყვეთ იგივე წყაროებიდან, სასჯელაღსრულების სამინისტრო წინა წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორის არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებში, თუმცა არა წამების როლის შესწავლის კუთხით და ყოფილ პატიმრებთან ამ სახის კონტაქტით.
რაც შეეხება თავად კვლევას, როგორც წერილში საკონტაქტო პირად მითითებულმა, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის პროექტების მენეჯერმა ლალი სუთიშვილმა (სწორედ ეს ინსტიტუტი, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს დაკვეთით ატარებს კვლევას) „აფხაზეთის ხმას“ განუცხადა, არც პირადად მას, არც ინსტიტუტს, მსგავსი კვლევა მანამდე არ ჩაუტარებია.
მისივე თქმით, კვლევის დასაწყისში თავად ინსტიტუტის თანამშრომელთა შორისაც არსებობდა გარკვეული სკეპტიციზმი, რომ ყოფილი პატიმრები თავს შეიკავებდნენ ტელეფონზე დარეკვისგან, მაგრამ მოლოდინის საპირისპიროდ, საკმაოდ დიდი აქტიურობა შეიმჩნევა.
ლაშა ბერულავა