
თემურ იაკობაშვილმა, რომელიც ვაშინგტონის სათაო ოფისში გამართულ „მარშალის ფონდის“ კონფერენციაში მონაწილეობდა, აშშ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით პასიურობის გამო გააკრიტიკა.
მისი თქმით, ტიმოშენკოს საკითხი აქტუალური გახდა დასავლეთისთვის, ხოლო მერაბიშვილის საკითხი – აღმოსავლეთისთვის, ხოლო აშშ–ის პოზიცია ნიშნავს, რომ თუ ატარებ დასავლურ ღირებულებებს, მერე კი ამის გამო მოხვდები ციხეში, აშშ შენს დასახმარებლად არ მოვა:
"ტიმოშენკოს საკითხი მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, მერაბიშვილის საკითხი კი მნიშვნელოვანი გახდა აღმოსავლეთისთვის. არავინ სვამს კითხვებს, თუ რატომ დაიწყო მთავრობამ გამოძიება. აქ საუბარია იმაზე, რომ ციხეში ზის პიროვნება, რომელიც არ გარბის ქვეყნიდან და არ გაურბის პასუხისმგებლობას; რომელიც იყო მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი და როდესაც ვზეიმობდით თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, კანდიდატი ციხეში იჯდა. მე არ მგონია, შეერთებული შტატები ამით დემოკრატიას ხელს უწყობდეს.
ქართველები მხოლოდ ერთ გზავნილს ხედავენ: თუ ხარ საკმარისად გაბედული, რომ ხელი შეუწყო ფუნქციური ინსტიტუტების მშენებლობას, მოახდინო დასავლური ღირებულებების პოპულარიზაცია, დასავლეთი გპასუხობს იმით, რომ თუ დაკარგავ ძალაუფლებას და ხვდები ციხეში, შეერთებული შტატები შენს დასახმარებლად არ მოვა”, – აღნიშნა იაკობაშვილმა.