
„ასოცირების ხელმოწერით მივიღებთ იმას, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საბოლოოდ დავკარგავთ, რადგან ისინი რუსეთთან შეერთების თაობაზე, რეფერენდუმს ჩაატარებენ“, - ამის შესახებ დღეს ,,ევრაზიული არჩევანის" ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ განაცხადა.
მისი აზრით, აფხაზებისა და ოსებისთვის თანამედროვე ევროპული ფასეულობები კატეგორიულად მიუღებელია.
„ევრაზიული არჩევანის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს, ასევე გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ემბარგოს, რაც ქართულ ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპემ ევროკავშირის წევრ 28 ქვეყნის ლიდერთან ერთად მოაწერეს. ხელშეკრულება 1 135-გვერდიანია.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველო მზადყოფნას აცხადებს დანერგოს მთელი რიგი რეგულაციები. საკითხთა ნაწილი, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, გარემოსდაცვით და ვაჭრობის სფეროებს ეხება. ხელმოწერასთან დაკავშირებით რუსეთმა შეშფოთება უკვე ოფიციალურად გამოთქვა.