-
2014-06-26 11:32
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 25 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სარფი" ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია ერთი ერთეული BERETTA-ს ტიპის იარაღი, ერთი ცალი მჭიდითა და ორი ვაზნით. იარაღი და ვაზნები მებაჟე ოფიცრებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ო.-ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.
იმავე დღეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ყაზბეგი" რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდა უკრაინის მოქალაქე გ.ე., რომელსაც მებაჟე ოფიცრებმა დათვალიერების შედეგად 13 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LIRIKA 150 მგ. აღმოუჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.