
სამეგრელოს და არამარტო სამეგრელოს მოსახლეობისთვის კარგად ცნობილი ბიზნესმენი, ამჟამად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ქარდავა ამბობს, რომ დადიანების სასახლის ეზო არ უყიდია და აჟიოტაჟი ხელოვნურს ჰგავს.
საჯარო რეესტრის ცნობით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის 995 კვადრატულ მეტრს ლევან ქარდავა ნამდვილად ფლობს.
ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც დეპუტატმა და ყოფილმა ბიზნესმენმა ლევან ქარდავამ რადიო „ათინათს“ მისცა, ის ამბობს, რომ სინამდვილეში არა დადიანების სასახლის ეზოს მიწა, არამედ მიმდებარე ტერიტორია იყიდა, სადაც თავდაპირველად სასტუმროს აშენება იგეგმებოდა.
ლევან ქარდავა ინტერვიუში ამბობს, რომ მიწის ყიდვა ხელოვნებისა და კულტურის სფეროს რამდენიმე ადგილობრივ წარმომადგენელთან, მათ შორის აწ გარდაცვლილ ავტორიტეტულ ზუგდიდელ ისტორიკოსთან აბესალომ ტუღუშთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა:
„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და მე მას ასეთი რამე ვუთხარი: „მე პრობლემა არ მაქვს, მეგონა, რომ ეს ზუგდიდისთვის საჭირო პროექტი იყო და თუ ამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევს, მე ამ პროექტზე ვუარს ვიტყვი და იმ გადახდილ ბესაც დავკარგავ-მეთქი.“ შემდეგ მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ იქ ავაშენებდით სამსართულიან შენობას, რომელიც უკრაინაში არსებული დადიანების სასახლის ასლი იქნებოდა. ბატონმა აბესალომმა ბოლოს მითხრა, ჯობია ეს პროექტი გაკეთდეს, ვიდრე სხვამ იყიდოს და გააკეთოს ის, რაც მას მოესურვებაო. მხოლოდ ამის შემდეგ შევიძინე ეს მიწა“, - აღნიშნავს რადიო „ათინათთან“ საუბარში ქარდავა.
ლევან ქარდავა იხსენებს, რომ მიწის შეძენა და იქ სასტუმროს აშენება სამეგრელოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სთხოვა: „ეს იყო თხოვნა და არა მოთხოვნა. მე ვერავინ ვერაფერს დამავალებს“, - ამბობს დეპუტატი და დასძენს, რომ გაურკვევლობა არ უკავშირდება ამ მიწის შესყიდვას და სულ სხვა მხრიდან მოდის:
„მე რამდენადაც გავარკვიე, გაუგებრობა სხვა მხრიდან მოდის. რამდენადაც ვიცი, მუზეუმის საკუთრებაში მხოლოდ შენობაა, მიწა კი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. მუზეუმის ხელმძღვანელობას უნდოდა, რომ სასახლის მიმდებარე ტერიტორია მუზეუმზე დაემაგრებინა…და ეგ ორივე სახელმწიფო სტრუქტურაა და ერთმანეთში არკვიონ, მე მათთან არანაირი შეხება არ მაქვს“.
ლევან ქარდავა იმ თანხასაც ასახელებს, რაც შეძენილი მიწის საფასურად გადაიხადა და იმასაც იხსენებს, რომ მზად იყო, სხვა ადგილის შეთავაზება მიეღო იმ ტერიტორიის სანაცვლოდ, რომელიც შეიძინა, რადგან თავადაც ერჩივნა, შესყიდული ტერიტორია მითქმა-მოთქმის საფუძველი არ გამხდარიყო.
ამასთან, ლევან ქარდავას თქმით, ამ მიწის გაყიდვის გეგმაზე მაშინ ყველამ ყველაფერი იცოდა, მათ შორის მუზეუმის თანამშრომლებმაც:
„სხვათა შორის, ამ მიწაში საბაზრო ღირებულებაზე მეტი - 135 ათასი დოლარის ექვივალენტი გადავიხადე ლარებში. სხვათაშორის მინდა ვთქვა, რომ ამ ტერიტორიის გაყიდვის შესახებ ყველამ იცოდა, მუზეუმის თანამშრომლებმაც კი. და ყველამ თითქოს ეხლა გაიგო. პროექტის დამუშავება, ესკიზების გაკეთება, ყველაფერი დასრულებული იყო. შემდეგ სხვა პრობლემა გაჩნდა. ერთ დღეს გადაწყდა, რომ იქ სტადიონი ინგრეოდა და პარკი უნდა გაკეთებულიყო. მე მაშინ შემომთავაზეს, რომ ამ მიწას სხვა ნაკვეთში გამიცვლიდნენ, აი ახლა იუსტიციის სახლი რომ დგას, იმაზე იყო საუბარი.
მე ამ შემოთავაზებას დავთანხმდი, მაგრამ შემდეგ იქ იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. მე მათ ისიც ვუთხარი, გადახდილი თანხა დამიბრუნეთ და პრეტენზია არ მაქვს-მეთქი. მერე ის მიწა შემომთავაზეს, სადაც ყინულის სახლი იდგა. მე ამაზეც დავთანხმდი, მართალი გითხრათ, მერჩივნა ის ადგილი, რომელიც არაფერს დაარღვევდა და რომელიც არავის შეუშლიდა ხელს.
შემდეგ იყო საპარლამენტო არჩევნები…
რეალურად ყველაფერი აქ გაჩერდა. ჩემი თვითმიზანი სასტუმროს მშენებლობა რომ ყოფილიყო, ნებისმიერ შემთხვევაში ავაშენებდი, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა“, - ამბობს ლევან ქარდავა.
დამატებით, რადიო „აფხაზეთის ხმასთან“ მოკლე კომენტარში ლევან ქარდავა ამბობს, რომ ყველა ზუგდიდელმა კარგად იცის ის ადგილი, რომლის ყიდვაზეც არის ლაპარაკი:
„ყველა ზუგდიდელმა კარგად იცის, რა ადგილზეა ლაპარაკი და როგორი „დაცული“ იყო ის ტერიტორია - ნაგავსაყრელი და ნარკომანთა თავშეყრის ადგილი გახლდათ. და თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ ეს არის საქართველოს, სამეგრელოს, როგორც კუთხის კულტურული მემკვიდრეობა, მინდა აქედანვე გითხრათ, რომ თუ გავწვდები, ყველაფერს გავიღებ და გავაკეთებ, რათა ასეთი კულტურული მემკვიდრეობის კერები არამარტო სამეგრელოში, საქართველოს დანარჩენ კუთხეებშიც არსად იყოს...“