
დე ფაქტო ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ რეფერენდუმს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და არც საქართველოსთვის , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი გეგმავს, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი რეფერენდუმზე გაიტანოს.
"ნებისმიერი ფორმით დე ფაქტო ცხინვალის რეგიონში, მათ მიერ ჩატარებულ არჩევნებს, რეფერენდუმს, პლებისციტს, არ ექნება არანაირი მნიშვნელობა არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არც ჩვენთვის, იმიტომ, რომ ეთნიკური წმენდის შემდეგ გამოდევნილი ქართული მოსახლეობა და არამარტო ქართული, არ იღებს მონაწილეობას ამ დადგმულ სპექტაკლში.
აქედან გამომდინარე, მსოფლიოსთვის და ჩვენთვის არანაირი სამართლებრივი შედეგების მატარებელი არ იქნება. ამიტომ ნებისმიერი ინსინუაცია და სერიოზული განცხადების გაკეთება ამ კუთხით არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად. ერთი, რაც აღნიშვნის ღირსია, ეს უკვე გამოკვეთილი გეგმაა გარკვეული ძალების რუსეთის ფედერაციაში, რომ კიდევ უფრო მეტი ზემოქმედება მოახდინონ ქართულ საზოგადოებაზე. როგორც ვხედავთ, ამას იტაცებს ხშირად ქართული საზოგადოების შიგნით სოკოებივით ამოსული პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის გეგმა, რომელიც დაისახა უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში გარკვეული პერიოდის წინ და იმ გეგმის მიხედვით ვითარდება მოვლენები, ამიტომ არ უნდა ავყვეთ, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ამას სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვექცეთ ჩვენი მოწინააღდეგეების გეგმის ნაწილად", - განაცხადა ალასანიამ.