-
2014-06-22 22:50
„რეფორმატორთა კლუბი“ აკრიტიკებს „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს და აცხადებს, რომ პოლიციის მიერ მოქალაქის მიწვევა ინფორმაციის გადაცემის მიზნით, როცა ეს დავოკატის გარეშე ხდება, მიზანშეწონილი არ არის.
"რეფორმატორთა კლუბი" წერს:
"აზოგადოების ყურადღება გვსურს მივაპყროთ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კანონს პოლიციის შესახებ.
აღნიშნული კანონის თანახმად, პოლიციას უფლება აქვს გასაუბრების მიზნით დაიბაროს პირი პოლიციის განყოფილებაში, თუ თვლის, რომ აღნიშნულ პირს შეუძლია პოლიციას მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ერთი შეხედვით, ამ ნორმაში თითქოს საგანგაშო არაფერია - როგორც კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ პირის მოწვევა პოლიციაში ნებაყოფლობითი ხასიათისაა და ემსახურება პოლიციისა და საზოგადოების თანამშრომლობის განმტკიცებას.
მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით შესაძლებელია ჩატარდეს გამოკითხვა, რა დროსაც პირს განემარტება, რომ გამოკითხვის დროს მას შეუძლია ჰყავდეს ადვოკატი. გამოკითხვის შედეგების მიხედვით პროკურორი წყვეტს ეს ადამიანი წარადგინოს თუ არა მოწმედ სასამართლოში.
პოლიციის შესახებ კანონი კი პოლიციაში გასაუბრებაზე მოწვეული პირისათვის ადვოკატის მომსახურებით სარგებლობას არ ითვალისწინებს.
გამოდის, რომ პოლიციას შეუძლია აირჩიოს ადამიანის დაკითხვის ორი არსებული წესიდან ერთ-ერთი: ერთი, სადაც ვალდებულია პირს განუმარტოს რომ უფლება აქვს ჰყავდეს ადვოკატი და მეორე, როდესაც შეუძლია პირისაგან მიიღოს ინფორმაცია ადვოკატის მონაწილეობის გარეშე.
რეფორმატორთა კლუბში მიგვაჩნია, რომ პოლიციისათვის ასეთი უფლებამოსილების მინიჭება დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
- ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც პოლიციაში მისულ ნებისმიერ ადამიანს გასაუბრების დაწყებამდე უნდა მიეცეს იურიდიული კონსულტაციის მიღების საშუალება
- იზრდება პოლიციის მხრიდან ადვოკატის გარეშე მიწვეული პირის მიმართ ძალადობისა და შანტაჟის რისკი სასურველი ინფორმაციის მიღების მიზნით
- ადამიანების ასეთი დაბარებები უარყოფითად იმოქმედებს პოლიციის იმიჯზე და გაზრდის საზოგადოებრივ უნდობლობას მის მიმართ
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდაციით მივმართავთ საქართველოს პარლამენტს ამოიღოს პოლიციის შესახებ კანონიდან გასაუბრების მიზნით პირის დაბარების წესი.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“.