-
2014-10-12 23:31
ხმაურია ლოტკინის დასახლებაში, ე.წ. მეტრომშენის კორპუსებთან, სადაც საცხოვრებელი ბინებიდან გამოსახლების პროცესს გართულებები მოჰყვა. გამოსახლებას დაქვემდებარებული მოსახლეობა კორპუსის სახურავებზეა ასული.
რამდენიმე მოსახლემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით იმუქრება. სახურავიდან და ფანჯრებიდან ცეცხლწაკიდებულ ლეიბებსა და სხვა საგნებს ჰყრიან. ადგილზე მობილიზებულია როგორც სახანძრო რაზმები, ასევე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ცოტა ხნის წინ ადგილზე ნაძალადევის გამგებელიც მივიდა.
კორპუსებში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბინებში ისინი 2003 წელს შესახლდნენ, ხოლო 2013 წელს, ფარტი სრულიად უკანონოდ, "მეტრომშენმა" გადაიფორმა: "დღეს მოვიდა პატრული და გამოსახლების ოქმი მოიტანა. აქედან ცოცხალი თავით არ გავალთ", - ამბობენ ბინებში მცხოვრებლები, რომელთა ნაწილი დევნილია.
მათივე თქმით, ეს გამოსახლების პირველი მცდელობა არ არის. შენობაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ არც ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს სთავაზობენ და ფაქტობრივად ღია ცისქვეშ რჩებიან.
შემთხვევის ადგილზე ნაძალადევის რაიონის გამგებელი იმყოფებოდა, მისი მისვლის შემდეგ სიტუაცია შედარებით განიმუხტა. ამ დროისთვის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებთან უკვე სიმშვიდეა. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან, მოდერატორობას მათ რაიონის გამგებელი გაუწევს.


