
„აფხაზეთის ხმას“ გადასცეს წერილი, სადაც ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში (ეს სოფელი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ყოფილი ჟურნალისტის ელისო ჩაფიძის მშობლიური სოფელია, - რედ) მცხოვრები ავადმყოფი შვილის დედა დახმარებას ითხოვს.
წერილის ადრესატი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და „აფხაზეთის ხმა“ არიან. როგორც ირკვევა, ქალბატონი ლია რამდენჯერმე შეხვდა ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ელისო ჩაფიძეს, რომელიც ამ სოფლიდანაა.
ის დახმარებასაც დაპირდა, მაგრამ ბოლო პერიოდში არც ტელეფონს პასუხობს და ავადმყოფი შვილიოს დედამ ვერც მასთან შეხვედრა მოახერხა.
„აფხაზეთის ხმა“ ლია ისაკაძის წერილს უცვლელად აქვეყნებს:
„ამ წერილს გწერთ ტყიბულის რაიონის ერთ–ერთი მაღალმთიანი სოფლიდან. ერთი წელია ვფიქრობ, მომეწერა თუ არა თქვენთვის ეს წერილი, რადგან თქვენ არ გეხებათ იმ უსამართლობის გამოსწორება, რომელსაც აგერ უკვე რამდენი წელია ვებრძვი.
მესმის, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრს უჭირს, მაგრამ ისეთი მდგომარეობა, როგორიც ჩვენს ოჯახს აქვს ღმერთმა ყველას აცილოს.
მყავს 28 წლის შვილი, ცერებრალური დამბლით და ეპილეფსიის მძიმე ფორმით დაავადებული. ვერ მეტყველებს და ვერც კი ინძრევა საწოლში. როცა ეს ბავშვი დაიბადა იმ დღიდან ვიცოდით, რომ ორივე დიდი ტანჯვისთვის ვიყავით განწირულები, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, ბავშვი ჩამებარებინა.
არა, ღმერთმა დამიფაროს ასეთი ფიქრისგან. შვილის მოვლა, როგორიც არ უნდა იყოს ის, ხომ დედის მოვალეობაა. სახლში ვართ სამნი: მე, ჩემი მეუღლე და ეს ბავშვი.
აგერ უკვე რამდენი წელია ვწერდი განცხადებას სოციალურ დახმარებაზე, მაგრამ უშედეგოდ. გვანიჭებენ მაღალ ქულას და არ გვაძლვენ სოციალურ დახმარებას. ჩემი მეუღლე მუშაობს სკოლაში დარაჯად, ხელფასი აქვს 120 ლარი.
ვცხოვრობთ ამ ხელფასით და ბავშვის პენსიით. იმის საშუალებაც კი არ მაქვს პამპერსი ვიყიდო, რადგან პენსია თითქმის წამლებს სჭირდება. ღებულობს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. აქვს უამრავი სხვა პრობლემა.
სექტემბრის შემდეგ დავდივარ ჯანდაცვის სამინისტროში და ქუთაისში, სადაც არის რეგიონალური სოციალური მომსახურების სააგენტო, მაგრამ ყველგან უარი გვითხრეს დახმარებაზე. არ ვიცი, რას ერჩიან ამ გაუბედურებულ ბავშვს.
იქნებ როგორმე მოახერხოთ და მიმიწვდინო ხმა ბატონ ნოე ქინქლაძეს, რომელთანაც ვიყავი ჩაწერილი მიღებაზე სექტემბერში და მითხრეს, დიდი რიგია და როდის მოგიწევს მიღება არ ვიცითო.
ელემენტარული სარეცხი მანქანაც არ მაქვს, რომ შრომა ცოტათი მაინც შევიმსუბუქო. მეც უკვე აღარ მაქვს ჯანმრთელობა. მაქვს დისკოზი და არითმია. არ მაქვს საშუალება რომ ვიმკურნალო და ბოლომდ ევატარო ეს მძიმე ჯვარი.
ვთხოვ ყველას, ვისაც ეხება ჩვენი დახმარება, ნუ მიგვატოვებენ ამ გასაჭირში უყურადღებოდ და ყურად იღონ ამ გაუბედურებული ბავშვის მძიმე მდგომარეობა.
წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.
ტყიბული, სოფელი მუხურა, ლია ისაკაძე . 2014 წლის 26 აპრილი.“