
იმ პირებმა, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტით ხშირად სარგებლობდნენ და ქვემოთაღწერილი შემთხვევის მოწმენი გახდნენ, „აფხაზეთის ხმას“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურის 40-დე პროკურორი ერთი დღით, ჩარტერული რეისით ისრაელში გადაფრინდა.
წყაროს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ისრაელში 40 VIP პერსონის გადაფრენის ორგანიზებამ აეროპორტის ჩვეულ გრაფიკში დისონანსი შეიტანა, რაც მგზავრთა მომსახურებაზეც აისახა:
მგზავრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იმ დღეს, როცა პროკურორები ისრაელში გადაფრინდნენ, თბილისის საერთაშოორისო აეროპორტში სარეგისტრაციო სისტემები შეფერხებით მუშაობდა, ცოტა ხნის განმავლობაში კი, საერთოდ, გათიშული იყო, რამაც მგზავრთა უკმაყოფილება გამოიწვია.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, პროკურორები ისრაელში ავიაკომპანია „აირზენას“ მიერ შესრულებული ჩარტერული რეისით გადაფრინდნენ. რას ემსახურებოდა პროკურორთა მოულოდნელი გადაფრენა-ჩამოფრენა, ჯერჯერობით, დაუდგენელია - ფაქტია, რომ თავად ამ რეისის მგზავრი პროკურორები წინასწარ არ გაურფთხილებიათ - ისინი გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე დააუწყეს და აეროპორტში გამოცხადება უბრძანეს, რაც, ცხადია, პროკურორებმა მყისიერად შეასრულეს.
„აფხაზეთის ხმა“ აეროპორტის მმართველ კომპანიას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იყო თუ არა შეფერხება აეროპორტის სარეგისტრაციო სისტემაში ბოლო 10 დღის განმავლობაში. კომპანიამ ფაქტი არც დაადასტურა და არც უარყო, ხოლო მას შემდეგ, რაც „აფხაზეთის ხმა“ დაინტერესდა, შესრულდა თუ არა დაუგეგმავი ჩარტერული რეისი ისრაელის მიმართულებით, თვითმფრინავის ბორტზე ქართველი პროკურორებით, კომპანიის პრესსამსახურმა გვიპასუხა, რომ ამ თემაზე „აირზენას“ უნდა მივმართოთ:
"არის კომპანია „აირზენა“, რომელიც აწარმოებს ჩარტერს, „აირზენა“ თვითონ ახდენს მგზავრების რეგისტრაციას, ჩვენ არ ვახდენთ არც ბარგის და არც მგზავრების რეგისტრაციას, მე ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციას ან სისტემის გათიშვაზე, ან ვინ გაიარა რეგისტრაცია, რადგან ამ მიწისზედა პროცედურებს ახორციელებს კომპანია ,,აირზენა“, - განაცხადეს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის პიარსამსახურში.
რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, „აფხაზეთის ხმამ“ ვერ შეძლო „აირზენასთან“ დაკავშირება, გარდა სერვისცენტრებისა, სადაც მსგავს კითხვებზე, როგორც წესი, არ პასუხობენ. ჩვენთვის ცნობილ ვერცერთ ნომერზე დაკავშირება ვერ მოხერხდა, რის გამოც „აფხაზეთის ხმა“ აქვეყნებს ინფორმაციას და აცხადებს, რომ თუ „აირზენა“ ან საქართველოს მთავარი პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის განმარტებას, მათ ამის საშუალება შეუზღუდავად მიეცემათ.