
„აფხაზეთის ხმას“ დაუკავშირდა ახლახან ავღანეთში გამგზავრებულ ქართველ სამხედროთა ახლობელი, რომელმაც განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ჯარისკაცთა აღჭურვილობაში შემავალი ზურგჩანთებისთვის გამოყოფილი თანხა, სავარაუდოდ, მიითვისეს.
„აფხაზეთის ხმის“ წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ასახელებს ვაზიანის მე-4 ბრიგადას, საიდანაც სამხედროები ავღანეთში გაემგზავრნენ: „დიახ, ვადასტურებ, რომ მსგავსი ფაქტი ვაზიანის მე-4 ბრიგადაში მოხდა და ეს უკვე ცილდება ყოველგვარ საზღვრებს, დაენანათ რა ახალი ზურგჩანთებისთვის თავდაცვის სამინისტროს 800 მილიონიანი დაფინანსებიდან თანხის დახარჯვა, მათ აქტიური რეზერვის გვარსახელიანი ზურგჩანთები გადასცეს, საიდანაც პირდაპირ საწყობებში, მიწაზე გადმოყარეს რეზერვისტების კუთვნილი პირადი ნივთები. გეტყვით იმასაც, რომ ზურგჩანთები გვარდიის თელავის ბატალიონის მიერ მომზადებული აქტიური რეზერვის კუთვნილება იყო“, - აცხადებს ჯარისკაცის ახლობელი „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში.
„აფხაზეთის ხმამ“ ეს კონკრეტული ფაქტი თავდაცვის სამინსიტროს პრესსამსახურთან გადაამოწმა, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა: „არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა: ყველა ჯარისკაცმა მიიღო სრული აღჭურვა და ეკიპირება - რაც ამ დროს გათვალისწინებულია ხოლმე“, - ამბობენ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.