
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის წევრებს აინტერესებთ, რატომ არის შობადობის დაბალი მაჩვენებელი გალში და რატომ მშობიარობენ იქაურები არა გალში ან სოხუმში, არამედ ზუგდიდსა და ქუთაისში ან სულაც, თბილისში.
ამის შესახებ დებატები აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სამთავრობო საათზე გაიმართა, სადაც ჯანდაცვის დეფაქტო მინისტრი ზურაბ მარშანია იყო მიწვეული.
„ნუჟნაია გაზეთამ“ დებატების სრული სტენოგრაფიული ჩანაწერი გამოაქვეყნა. „აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ამონარიდებს სტენოგრამიდან:
„აპოლონ გურგულია: გალის სამშობიარო სახლში რამდენი გინეკოლოგია?
მარშანია: ექვსი. საკმარისია, მაგრამ ოპერატორი მხოლოდ ერთია.
გურგულია: მშობიარობა რამდენია?
მარშანია: არ მახსოვს, მაგრამ ცოტაა.
გურგულია: მშობიარობა ცოტაა, ექიმები ბევრი. რემონტი კი გაკეთდა, აპარატურაც მისცეს...
მარშანია: მე ვფიქრობ, ეს იმითაა გამოწვეული, რომ სხვა ქვეყანაში მიდიან სამშობიაროდ. მგონი, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით შობადობის მაჩვენებელი მეტი უნდა იყოს.
კან ქვარჩია: ესე იგი, ისინი საქართველოში მშობიარობენ? (შეკითხვის სტილი დაცულია. ე.წ. პარლამენტის წევრი საქართველოს „სხვა ქვეყნად“ მიიჩნევს, - რედ.)
მარშანია: დიახ. მაგრამ ახალი აპარატურის მიღების შემდეგ შობადობის მაჩვენებელი გაუმჯობესდა და ეს კარგია.
ასლან კობახია: რატომ მიდის ჩვენი ხალხი სამკურნალოდ თბილისში? რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. რატომ და როგორ შეუძლია საქართველოს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს აქ რეანომობილი გამოაგზავნოს? ის საზღვარზე მორიგეობს. რატომ არ შეუძლია ჩვენს ძვირფას ხელისუფლებას, ასეთივე მანქანა იყოლიოს და მოლაპარაკებას მიაღწიოს, თუნდაც, კრასნოდართან, რათა იქ ჩვენი მოქალაქეები გადაიყვანონ? რატომ არ შეგვიძლია რუს კოლეგებთან ამ შეთანხმების მიღწევა? რატომ არ შეგიძლიათ თქვენ, რე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ავადმყოფს უთხრათ: აი, თანხა, აი, მანქანა - წადი კრასნოდარში?
მარშანია: 8 მილიონად ორი მანქანა ვიყიდეთ. ორი რეანომობილი იყო, მაგრამ მძღოლების დაუდევრობით განადგურდა. ახლა სამია და მათზე დავაყენეთ რუსული აპარატურა. რაც შეეხება საქართველოს, ეს სპეციალურად მოფიქრებული პოროგრამაა: საქართველოს პასპორტებს აძლევენ იმ ადამიანებს და ვინც პასპორტზე უარს იტყვის, უფასოდ ვერ იმკურნალებს. უამრავი ადამიანია ჩართული ორივე მხრიდან. ასე რომ არ იყოს, საიდან აქვთ მათ საკონტაქტო ნომრები?
ასლან კობახია: ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რას ვამბობთ ახლა? იმას, რომ ორმა მძღოლმა მოგვიწყო დივერსია? ჩვენ მუდამ წაგებული ვიქნებით, თუ ამ საკითხს ასე მივუდგებით.“