
აფხაზურ ფორუმებზე აქამდე უცნობ ფაქტებზე წერენ: ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი განხილვა და ვნებათაღელვა გამოიწვია აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების ჩასვლამ თბილისში, უეფას სუპერთასის ფინალზე. დახურულ ჯგუფებსა და ფორუმებში ამ თემის განხილვისას უამრავი სხვა, ნაკლებად ცნობილი ფაქტი დაასახელეს.
ფორუმებზე განხილვის თემად იქცა როგორც აფხაზეთში მცხოვრებთა თბილისში, ფეხბურთის სანახავად ჩასვლის, ასევე ქობულეთში დასვენებისა და ქუთაისსა თუ თბილისში სამკურნალოდ გადაყვანის ფაქტები.
ამ მიმართულებით მიმომხილველები რამდენიმე კატეგორიად იყოფიან:
ყველაზე მრავარიცხოვანი ნაწილი „ენგურსგაღმა“ ნებისმიერ გასვლას სავაჭროდ, გასართობ-დასასვენებლად თუ სამკურნალოდ განიხილავს, როგორც ქვეყნის ღალატს. ისინი წერენ, რომ საქართველო, რომელსაც ჯერაც არ მოუწერია ხელი სამშვიდობო შეთანხმებისთვის, „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ მტერია და მტერთან გასართობად და სამკურნალოდ არ უნდა დადიოდნენ. ეს ნაწილი ხელისუფლებას ადანაშაულებს ასეთი პირობების შექმნაში და წერს, რომ სწორედ ხელისუფლების ბრალია ამ ზომამდე ხალხის მიყვანა.
მათ პატრიოტული, სავარაუდოდ, მოგონილი მაგალითები მოჰყავთ იმის თაობაზე, როგორ კვდებოდა ერთი აფხაზი პატრიოტი და როგორ თქვა უარი თბილისში გადაყვანაზე - დაე, აქ მოვკვდეო და მოკვდა კიდეც, მოღალატეებს უწოდებენ ყველას, ვინც ენგურსგაღმა გავიდა, ნებისმიერი საჭიროებისთვის.
ეს აგრესიული ფორუმელები იმასაც ამტკიცებენ, რომ საქართველოსთვის ბიზნესია აფხაზეთში მცხოვრებთა მკურნალობა უფასოდ ან შეღავათიანად, რადგან, მათი თქმით, ისინი ევროკავშირისგან ღებულობენ გრანტებს პოსტკონფლიქტურ ზონებში მცხოვრებთა რეაბილიტაციისთვის და ეს ოპერაციები სწორედ ამ მხრივ გამოჩენილ აქტივობაში ეთვლებათ...
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფორუმებზე ასეთები უმრავლესობას წარმოადგენენ, მაგრამ მათ პოზიციას არცთუ ცოტანი უპირისპირდებიან. ფორუმელთა ეს ნაწილი უარყოფითადაა განწყობილი სუპერთასის ფინალის სანახავად თბილისში ჩასულთა მიმართ, მაგრამ ამავე დროს, შედარებით ლოიალურია იმ პირებისადმი, რომლებსაც ახლობლები სამკურნალოდ თბილისში ან ქუთაისში გადაჰყავთ.
მათი აზრით, იმ პირობებში, როცა აფხაზეთში სამედიცინო აპარატურა მწირია, ხოლო სამედიცინო კადრები არაკვალიფიციური, ამ დროს კი სოჭში ან კრასნოდარში ავადმყოფის გადაყვანა და მკურნალობა მამასისხლად უჯდებათ, ტრაგიკული არაფერია იმაში, რომ ავადმყოფები ქუთაისში ან თბილისში გადაიყვანონ, სადაც მათ უფასოდ ან იაფად მკურნალობენ.
ფორუმებზე ქართველი საზოგადოებისთვის უცნობი რამდენიმე ფაქტის შესახებაც წერენ: მაგალითად, ერთერთი ფორუმელი ჰყვება, რომ მისმა ნაცნობმა, რომლის ახლობელსაც ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, ავადმყოფი თბილისში გადაიყვანა და, რაც ყველაზე საოცარია, იქ გადაყვანა სწორედ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში ურჩიეს.
მისი თქმით, თბილისში ავადმყოფს მეტასტაზები ამოაჭრეს, რის შემდეგაც მან კიდევ 4 წელი იცოცხლა, როცა აფხაზეთში ექიმები უახლოეს თვეებში გარდაცვალებას უწინასწარმეტყველებდნენ.
მეორე მაგალითი უფრო ცინცხალია და, როგორც იუზერი წერს, დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა: სოხუმის სამშობიარო სახლში, სადაც პატარა პათოლოგიური დაავადებით გაჩნდა, მეორე თუ მესამე დღეს ქართული ნომრებით რეანომობილი გამოჩნდა და ჩვილი, როგორც გაირკვა, ჯერ ქუთაისში გადაიყვანა, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი თბილიში, სადაც მეორე ოპერაცია გაუკეთეს.
„ახლა იმ ბავშვს ყველაფერი წესრიგში აქვს და ამ ორი ოპერაციიდან პირველი უფასოდ გაკეთდა, მეორე კი მხოლოდ 30.000 რუბლი (დაახლოებით 1. 200 ლარი) დაჯდა. და ეს მაშინ, როცა სოჭში ორივე, მინიმუმ, 100.000 რუბლი დაჯდებოდა, ასე რომ, სანამ განსჯით, თავად წარმოიდგინეთ თავი იმ ბავშვის მშობლების ადგილზე, დედა თავადაც ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ შვილის წაყვანა ენგურსგაღმა დასჭირდებოდა“, - წერს იუზერი პასუხად.
უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის უფასო და შეღავათიანი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პრაქტიკა წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრდა, რეალურად კი რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა. აფხაზეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მალევე დაძლიეს უნდობლობის კომპლექსი და არათუ უარს არ ამბობენ მკურნალობაზე, წინა წლებისგან განსხვავებით, არც კი მალავენ, რომ მათ ახლობლებს სიცოცხლე სწორედ ქუთაისში ან თბილისში შეუნარჩუნეს.
სხვათა შორის, უკან არც მათ დაუხევიათ, ვინც უეფას სუპერთასის ფინალზე თბილისში ჩავიდნენ. ერთერთმა აგრესიის საპასუხოდ განაცხადა, რომ თბილისში ნათესავთან ჩავიდა სტუმრად და „უკანა გასასვლელებით“ კი არ უსარგებლია, არამედ ენგურის ხიდი ოფიციალურად აფხაზური მხრიდან, საშვით გაიარა, ხოლო რახან სტუმრობა სწორედ ფინალის დღეს დაემთხვა, ფეხბურთზეც წავიდა.
ლაშა ბერულავა