
არა, არ ვიტყვი, რომ თქვენზე წერა ძნელია. წერა არაა ძნელი. ძნელია ბრძოლა: ორი ქვეყნისთვის როცა იბრძვი, როცა გჯერა, რომ რასაც იქ, არცთუ შორეულ უკრაინაში აკეთებ, შენს ქვეყანასაც იცავს და აძლიერებს.
როცა ამ რწმენით აღვსილი იღებ ხელში იარაღს და უკრაინელ პატრიოტებს უერთდები მაშინ, როცა შეგიძლია ამ ყველაფერს შორიდან ადევნო თვალი, „ფეისბუქზე“ ცვალო ქავერის ფოტოები, დროდადრო გამამხნევებელი და უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერი სტატუსები გამოაქვეყნო - მოკლედ, ისე მოიქცე, როგორც, ვთქვათ, ჩვენ ვიქცევით - უიარაღო გულშემატკივრები.
თქვენ კი იქ დგახართ: მარიუპოლთან, დებალცევოს ალყაში, შიროკინოსთან, ლუგანსკის მისადგომებთან: წვიმასა და ქარში წევხართ სანგრებში, ნერვიულად აბოლებთ პაპიროსს, ერთმანეთს უტოვებთ „ბიჩოკებს“, დროდადრო რამდენიმეწამიან ვიდეობსაც იღებთ - ჰეჰეე, ცოცხლები ვართ, ვიბრძვით! "აი, „სატანამ“ გუშინ დაადუღა, დღეს „სკორპიონმა“ მაგრად დასცხო, ჩვენ ქართველები ვართ, აქ უკრაინის დროშასთან ერთად, ქართული, ხუთჯვრიანიც ფრიალებს, ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!.."
და ეს რწმენა, ეს ამაღლებული განწყობა, თქვენი ეს შემართებაც ხომ ობობას ქსელივითაა - გვაკავშირებს, დასწრების ეფექტს გვიქმნის, თითქოს ჩვენც იქ ვართ, ტყვიების ზუზუნში და ივსება თქვენი კედელი წარწერებით: „ფრთხილად იყავით“, „თავს გაუფრთხილდით“, „ვამაყობთ თქვენით“. უკრაინელები ცალკე წერენ, უკრაინულად გიხდიან მადლობას - ენა არ ესმით, მაგრამ ხვდებიან, ვის მხარესაც ხართ, რასაც აკეთებთ...
და დროდადრო ჩურჩული გადაურბენს „ფეისბუქს“... ჩვენ ხომ იქ ვცხოვრობთ, იქ გელოდებით, იქ ვეცნობით სიახლეებს: „კიდევ ერთი...“; „კიდევ ერთი?..“
თქვენ - იარაღით ხელში დაღუპულები, მანამდე კი უიარაღოდ დაღუპულები, ყველანი ჩვენი ძალიან ახლობლები ხდებით, ყველა განვიცდით, ვიწყებთ თქვენზე ამბების მოძიებას, ერთმანეთს ვასწრებთ - აი, ასეთი იყო, აი, ეს დაიბარა, აი, ასე წავიდა... შვილს ეს უთხრა სიკვდილამდე, აი, აი ისე იღიმება, თითქოს გვემშვიდობებაო...
არიან ისეთებიც, რომლებსაც გული სწყდებათ, მაგრამ ისე, აი... როგორ გითხრათ... აი, გზასაცდენილი, მგლის მიერ დაგლეჯილი ცხვარი რომ შეებრალება მეცხვარეს, მაგრამ თან გულის სიღრმეში ბრაზობს კიდეც - "აქ დატეულიყო, სად მიბანცალებდა, როგორ არ იცოდა, რომ მგელი შეჭამდა... ბოლოს და ბოლოს, მგელია..." - და ასეთთა წუხილი, ასე მჯერა, სულაც ზედმეტია თქვენთვის - ჩრდილსაც კი გაყენებთ, რადგან ყველაზე ღირებულს, რისთვისაც იარაღი აიღეთ ხელში - თავისუფლებისთვის ბრძოლას აკნინებს და აუფასურებს: „საწყალი, ვინ შეაცდინა, იქ რატომ წავიდა...“ - ბებიათქვენისამ, შეცდენილები და თავგზააბნეულები სულ სხვაგან გვახსოვს ჩვენ, ახლა რომ ხვდებიან, შეგვაცდინეს და გადაგვაგდესო...
მაგრამ ეგ არაფერი, ძმებო: თქვენ ერთად ხართ ორი ქვეყნის გმირები, თქვენ ჩვენს თვალწინ ერთ მუშტად კრავთ ამ ორი ქვეყნის პატრიოტებს, ჩვენს თვალწინ წერთ ახალ ფურცლებს ამ ორი ქვეყნის ისტორიაში და ჩვენს თვალწინ ებრძვით ბოროტ დევს, რომელსაც ერთი მოჭრილი თავის ნაცვლად, სამი ამოსდის...
ჯერ იყვნენ დათო ყიფიანი და ზურაბ ხურცია - მაიდნელები, მაიდანზე დაღუპულები... მაშინ მაიდანი იყო ახლანდელი დებალცევო, მარიუპოლი და შიროკინო...
მერე იყვნენ თამაზ სუხიაშვილი და ჩვენი „ჩუჟოი“, ჩვენი ალექსანდრე გრიგოლაშვილი... და ბოლოს (იმედია, ბოლოს), ასე ლაღი და მხიარული, დაუდევრად თავზეხელაღებული გიორგი ჯანელიძე, მტრების „სატანა“ - მეხუთე დიდი კანუდოსელი...
საოცრად მოკვდნენ, თავისუფლები...
აკი თავიდანვე გითხარით, თქვენზე წერა არაა ძნელი...
ძნელი ისაა, რასაც თქვენ აკეთებთ - ძნელი თავისუფლებისთვის ადვილად, უდარდელად სიკვდილი...
ლაშა ბერულავა, 19 აპრილი, 2015.
„რწმენასაცა აქვს თავისი ქსელი, მხოლოდ ობობას და ბადეს კი არა, და რწმენის უხილავი ქსელით გადაიბნენ კანუდოსელები, უცხენოები, შინ გამაგრებულნი, თვალნათლივ მიხვდნენ, სიკვდილიც რომ შეიძლება ასე ამაყად ლამაზი იყოს... ...
...ეს ლაღად განრისხებული, ეს სხარტად მძვინვარე დიდი მეომარი, ტყვიით დაცხრილული, ბოლოს, ცხენიდან გადმოვარდნისას, ჰაერში მოკვდა, რა უცნაურად - ღიმილით პირზე, თავისუფალი!..“
- გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“.