-
2014-01-28 01:48
აფხაზური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტი იმედოვნებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრად ისევ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის დაბრუნება მისი 5 წლის წინანდელი გეგმის ხელახლა გადახედვას გამოიწვევს.
„აფსნი. რუ“ წერს, რომ რომ ევროკავშირ–რუსეთის სამიტის წინ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან ნურთიერთობის დათბობის ახალი ინიციატივები წამოაყენა და იხსენებს პაატა ზაქარეიშვილის იდეას რუსეთთან აფხაზეთის გავლითა და სომხეთის ჩართვით პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, რაც, მათი აზრით, ნამდვილად გააუმჯობესებდა ურთიერთობას რუსეთსა და საქართველოს შორის.
შეგახსენებთ, რომ შტაინამაიერი, რომელიც 2008 წელს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საშუამავლო ინიციატივით გამოვიდა ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით და თავის გეგმაში სამი ძირითადი მიმართულება ჩართო, საიდანაც ერთერთი და უმთავრესი ქართული და აფხაზური მხარეების მიერ ორმხრივი ვალდებულების აღება იყო ძალის არგამოყენების შესახებ.
მაშინ გეგმა 2008 წლის ომის დაწყების გამო ჩაიშალა და აფხაზეთის მიმართულებით სიტუაციის დარეგულირებამ აქტუალობა დაკარგა. „როგორც ჩანს, ქართულ მხარეს მაინც დარჩა მოგონება შტაინმაიერის გეგმაზე და მას ხუთი წლის წინ გაშვებულ შანსად თვლის – შეინარჩუნოს მინიმალური, მაგრამ მაინც გავლენა ორ ყოფილ ავტონომიაზე. „შტაინმაიერის გეგმა“ ამ დაპირისპირებათა მთავარი საკითხის – სტატუსის განსაზღვრას მხოლოდ ურთიერთნდობის დამყარების შემდეგ მიიჩნევს დასაშვებად.
საქართველოს ახალი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობათა გაუმჯობესებამ, შესაძლოა, თბილისაა და დაპირისპირებულ მხარეებს ურთიერთობათა განვითარების ახალი შესაძლებლობები მისცეს“, – წერს „აფსნი. რუ“.
შეგახსენებთ, რომ „შტაინმაიერის გეგმას“ 2008 წლის ივლისში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, ძირითადად, ეთანხმებოდა, მაგრამ შემოთავაზებულ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაში საფრთხეებს ხედავდა. მაგალითად, 2008 წელს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებდა:
„ჩვენ არ გვაქვს არაფერი საწინააღმდეგო ძალის არგამოყენების პრინციპის მიმართ, მაგრამ არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. პირველი: ნებისმიერი შეთანხმება კონფლიქტის მოგვარების თაობაზე აუცილებლად უნდა ასახავდეს დევნილების დაბრუნების აუცილებლობას და ვერანაირი კონფლიქტის მოგვარება, მათ შორის მშვიდობიანი გზით, ვერ შედგება, თუ არ მოხდა დევნილების დაბრუნება.
დავაფიქსიროთ შეთანხმებაში, დოკუმენტში, რომ ეს კეთდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მაშინ ჩვენ ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრობლემა არ გვექნება. მაგრამ, ისევ ვიმეორებ, რუსეთის მიერ შემოთავაზებული ფორმით, რაც გულისხმობს ირიბ აღიარებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ბუნებრივია, ასეთი ფორმა ჩვენთვის მიუღებელია.” (რადიო „თავისუფლება“)
ხედავს თუ არა ამჟამინდელი ხელისუფლება საფრთხეს ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების დადებაში, გაურკვეველია, რადგან ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება „შტაინმაიერის გეგმა–2“–ის ამოქმედებაზე მუშაობს, არ გაკეთებულა.
მოამზადა ლაშა ბერულავამ