
ქართველ მომხმარებელში ბოთლის ღვინო პოპულარობით არ სარგებლობს – ამ განცხადებას „კომერსანტის“ გამოკითხული ღვინის მაღაზიები აკეთებენ.
მაღაზია „ვინოთეკაში“ ამბობენ, რომ ბოთლის ღვინისადმი დაინტერესებას ძირითადად უცხოელი ტურისტები იჩენენ და შარშანდელთან შედარებით გაყიდვებმა დაახლოებით 10% - ით მოიმატა. მაღაზიას 80-მდე სხვადასხვა მომწოდებელთან აქვს ურთიერთობა და ქსელში წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი ფერმერების მიერ ჩამოსხმული, ასევე ყველა მსხვილი ბრენდის შეთავაზებული ბოთლის ღვინო. ფასები 3.90 ლარიდან 800 ლარამდე მერყეობს. „ქინძმარაულის მარანის“ მაღაზიაშიც ამბობენ, რომ ჩამოსასხმელი ღვინის გაყიდვები დაახლოებით 50%–ით აღემატება ბოთლის ღვინისას. მაღაზიის წარმომადგენლის ცნობითვე, შარშანდელთან შედარებით პროდუქციის გაყიდვები 20 % -ით გაიზარდა.
„ქინძმარაულის მარანის“ მაღაზია ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან არსებობს და თბილისის მასშტაბით 2 ფილიალს აერთიანებს. თბილისის უმსხვილეს სუპერმარკეტებშიც აცხადებენ, რომ ბოთლის ღვინის მყიდველი ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან. ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ცნობით, ქართველი მომხმარებელი ბოთლის ღვინოს მხოლოდ სასაჩუქრედ იძენს, ხოლო უცხოელ ტურისტში ბოთლის ღვინისადმი სხვა კულტურული დამოკიდებულება არსებობს.
„გუდვილში“ აცხადებენ, რომ შარშანდელან შედარებით ბოთლის ღვინის გაყიდვები 15-18%–ით გაიზარდა. მათივე თქმით, „გუდვილი“ ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობს ღვინის მომწოდებლებთან და კვირაში ერთხელ ქსელში 2 ახალი მომწოდებლის ღვინო ჩნდება. ამასთან, მენეჯმენტში ამბობენ, რომ ბოთლის ღვინოზე აქციამ სახელწოდებით „ხუთი პლიუსი“ უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყველა წამყვანი ბრენდის პროდუქციას ეხება. „გუდვილში“ წარმოდგენილი ბოთლის ღვინის ფასი 6 დან 150 ლარამდე მერყეობს.