
რუსკა მაყაშვილის დედა, მსახიობი თამარ მაყაშვილი ჟურნალ გზასთან ინტერვიუში სახალისო ისტორიებს იხსენებს.
„თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებს ვაბარებ და იმაზე ვწუხვარ, რომ პატარა მკერდი მაქვს.
იმ დროს ე.წ. "გუბკიანი" ლიფები არ იყიდებოდა. ჩემი მეგობარი, დიზაინერი დიმა კობახიძე დამეხმარა: ავიღეთ ბებიაჩემის დიდი ზომის ლიფი, რომელშიც რაღაც ქსოვილები, ბამბა და რაც ხელში მოგვხვდა, ყველაფერი ჩავტენეთ.
ბოლოს, დიმამ ღარიც დამახატა. ჰოდა, ასე გამოპრანჭული წარვდექი კომისიის წინაშე. ატყდა ერთი ხორხოცი.
მესმის, ერთმანეთს ელაპარაკებიან: - "რა ფეხი აქვს, რა ხელი, რამხელა მკერდი!" ეტიუდი შევასრულე და ბევრიც ვიმაიმუნე...
მერე, სამი თვე შვილებთან ერთად ბაკურიანში ვისვენებდი.
კარგად მახსოვს, 17 სექტემბერს ინსტიტუტში თავგადაპარსული და გარუჯული მივედი. პირველკურსელები ფოიეში შეგვკრიბეს.
ზემოდან, მეოთხე სართულიდან გიზო ჟორდანიამ გადმოიხედა და უცებ, ისმის მისი ყვირილი:
- "მაყაშვილი!" ავიხედე,
- ბატონო გიზო, როგორ ბრძანდებით-მეთქი?
- მაყაშვილი, გოგო, ძუძუ რა უყავიო?
ფოიეში სრული სიჩუმეა.
ისმის ჩემი პასუხი: "ძუძუ სახლში დავტოვე!" ამის შემდეგ, ამ თემაზე ხშირად "ღადაობდნენ"...
მეტეხის თეატრში დადგმულ ერთ-ერთ სპექტაკლში, თემურ ნაცვლიშვილს და მე საერთო სცენა გვქონდა. ჩემი გმირის გარეგნობა დიდი ზომის ლიფის ჩაცმას მოითხოვდა. ერთხელაც, სპექტაკლის მსვლელობისას, ვხვდები, რომ ცუდად ვარ;
შევწუხდი და მინდა, ლიფი მოვიხსნა, მაგრამ არ ვიცი, სად წავიღო. დარბაზში, პირველ რიგში, ერთსა და იმავე ადგილებზე ყოველთვის ერთი და იგივე ბიჭები ისხდნენ; ისინი ყველა ჩემს სპექტაკლს ესწრებოდნენ.
ჰოდა, მოვიხსენი ეს გაბერილი ძუძუები და ამათ მივაწოდე, - დამიჭირეთ-მეთქი. შოკში ჩაცვივდნენ.
ჩემი სცენა დამთავრდა და გავედი, მაგრამ მერე ძუძუების დასაბრუნებლად გამოვედი, იმ ბიჭებს მივადექი, გამოვართვი, მადლობა გადავუხადე და წავედი.
იმ დღის შემდეგ, ისინი თეატრში აღარ გამოჩენილან, ბატონი სანდრო მრევლიშვილი კი მეჩხუბა: კნეინა მაყაშვილო, რა გინდოდა მაყურებლისგან? ის ბიჭები პატიოსნად იღებდნენ ბილეთებს და რატომ გააქციეო?!.“ - იხსენებს თამარ მაყაშვილი.