
იუმორისტი და მუსიკოსი ხვიჩა მაღლაკელიძე ბავშვობის იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც თოვლის ბაბუის გამოჩენას დიდი ამბით ელოდებოდა.
თუმცა ერთხელაც დაინახა კაცი, რომელიც თოვლის ბაბუის ფორმაში გამოწყობილი იწებებდა თეთრ ულვაშსა და წვერს.
„აი, იქ დამთავრდა და დაიმსხვრა თოვლის ბაბუის არსებობის ოცნებები ჩემთვის.
მივხვდი, ყალბი იყო. თავად ბევრჯერ ვყოფილვარ თოვლის ბაბუა, მაგრამ როგორც ჩურჩხელასგან არ გამოვა სალამური, ისე ჩემგან არ დადგება თოვლის ბაბუა!
ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ახალი წელი მწარედ მახსენდება. ოჯახში შევხვდი მეუღლესთან ერთად ტკბილად, მერე გავემზადე სამუშაოდ წასასვლელად. მეუღლემ იფიქრა, გავაცილებო და კარებამდე გამომყვა.
უცბად გამახსენდა, რომ რაღაც დამრჩა, შემოვბრუნდი და მეუღლემ კარში მომაყოლა მარცხენა ხელის თითები, თან იქიდან აწვებოდა, რატომ არ იკეტებაო.
ტკივილისგან ჩავიკეცე, ისე გავმწარდი, ჩემი კივილი ცას ხევდა.
სად მქონდა დაკვრის თავი, მაგრამ ფული წინასწარ მქონდა აღებული და შეჭმული, რომ არ წავსულიყავი დასაკრავად, ვინ მაპატიებდა?
წავედი აფთიაქში, ვიყიდე გასაყინი ხსნარი, შევისხამდი, გავიყუჩებდი და თან ვუკრავდი. სისხლიც ვერ შევიჩერე.
ვისთვისაც ვუკრავდი, სულ არ აინტერესებდათ ჩემი ტკივილი.
აი, ის ახალი წელი სულ მემახსოვრება ჩემი ცოლის წყალობით. თუმცა ყოველი ახალი წლის დადგომა ძალიან მახარებს და სულ კარგის მოლოდინში ვარ“, - განაცხადა ხვიჩა მაღლაკელიძემ.
„თბილისელები“