
ამერიკის კინოაკადემიის მიერ ოსკარის ნომინაციიხთვის წარდგენილ 9 უცხოურ ფილმს შორის ზაზა ურუშაძის „მანდარინები" და გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული" მოხვდა.
გიორგი ოვაშვილის თქმით, მისი ფილმის „ოსკარზე“ წარდგენა მისთვის მოულოდნელი იყო. აღნიშნულის თაობაზე მან გერმანელი პროდიუსერისგან შეიტყო.
„ეს არის დადასტურება იმისა, რომ დღეს ქართული კინო აღმავლობის გზაზე დგას და ვითარდება," - აღნიშნა მან.
„მანდარინების“ ავტორის, ზაზა ურუშაძის აზრით, 83 ფილმიდან შერჩეულ 9 ფილმში ორი რომ ქართველი რეჟისორის ნამუშევარია, ეს განსაკუთრებული ფაქტია.
„ოსკარის“ ნომინაციაზე საქართველოს სახელით „სიმინდის კუნძული“ მონაწილეობს. ფილმი „მანდარინები“ კი კონკურსში ესტონეთის სახელით არის წარდგენილი.
საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის 5 ნომინანტს კინოაკადემია 2015 წლის 15 იანვარს დაასახელებს.