
ენტონი ჰოპკინსი ამბობს, რომ ახლა, როცა უკვე აღარაა ახალგაზრდა, ნატრობს, მაშინ სცოდნოდა ის, რაც ამ ეტაპზე იცის, რადგან ახალგაზრდობა უფრო ემოციური და დინამიური ჰქონდა.
ჰოპკინსის თქმით, პიანინოზე უკრავს და ხატავს, ხოლო მსახიობობა ისაა, რასაც ამ ორ საქმიანობას შორის გაჩენილ სიცარიელეს ივსებს. „აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ინტერვიუს ენტონი ჰოპკინსთან.
-მისტერ ჰოპკინს, თქვენ ერთხელ თქვით, რომ რაც უფრო დიდი გამოცდილება გიგროვდებათ სიცოცხლეში, მით უფრო ემსგავსება ცხოვრება სიზმარს. იყო თუ არა თქვენს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა მოვლენები რეალობისგან მოწყვეტილად აღიქმებოდა?
-ჩემი ცხოვრების უკანასკნელი ოცდაათი წელი მეტწილად სწორედ ასეთი ფორმის იყო. რადგან ეს წლები წარმოადგენდა იმ ნაოცნებარისა და სურვილების ასრულებას, რომლებიც სიყმაწვილეში მქონდა და მე ვიფიქრე: „ეს ხომ არარეალურია, იმიტომ რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორადაც წარმოდგენილი მქონდა.“ მთელმა ჩემმა ცხოვრებამ ამგვარად ჩაიარა და მე აღფრთოვანებული ვარ იმ ძალით, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ფლობს, ესაა ძალა, რომლითაც შეგვიძლია საკუთარი სიცოცხლე შევქმნათ.
-მიგაჩნიათ, რომ მსახიობებსა და რეჟისორებს უფრო ტევადი და მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება აქვთ? ხალხი ხშირად ამბობს, რომ მსახიობები უფრო ემოციურები და მგრძნობიარეები ხართ.
-მე არასოდეს ვენდობი მსოფლიო ხელოვნების პრინციპებს, როცა საქმე მსახიობობაზე მიდგება, ამ სფეროში არანაირი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა არ მჯერა, ამიტომ ჩემი დამოკიდებულება ცოტათი ცინიკურია. ჩემი აზრით, მსახიობობა შემოქმედებითი პროცესია. ასევე ვფიქრობ, რომ შემოქმედებითი (კრეატიული) პიროვნება - და მე საკუთარ თავს ამგვარ პიროვნებათა რიცხვს მივაკუთვნებ - ფლობს უფრო ამაღლებულ შეგნებას ხელოვნების სფეროში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამგვარი პიროვნება განსაკუთრებულია.
-გეხმარებათ თუ არა მსახიობობა ახალგაზრდული ენერგიის შენარჩუნებაში?
-რა თქმა უნდა. მე ახალგაზრდა ვარ! შემოქმედებითი პროცესი გონების დასაქმების საუკეთესო ხერხია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დაღლილობას ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ უნდა დავნებდე, მაინც არ მსურს ყველაფრის მიტოვება. მე მომწონს ეს ყველაფერი და უბრალოდ ვაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას, სანამ დამიდგება ის დღე, როცა ამას ვეღარ შევძლებ.
-როგორ გამოიყურება თქვენი ცხოვრება ამჟამად?
-მე ვუკრავ პიანინოზე და ესაა ჩემი უსაყვარლესი საქმიანობა. ასევე ვკითხულობ, ვხატავ და ვქმნი მუსიკას, ამიტომ ჩემი ცხოვრება შემოქმედებითად საკმაოდ დატვირთულია. მე მომწონს ხატვა. არ ვიცი კარგად გამომდის თუ არა, მაგრამ მაინც ვხატავ. თან ძალიან სწრაფად ვხატავ. ამას გარდა, პიანინოზე ვუკრავ ჩემ მიერ შეთხზულ მუსიკას, ბევრს ვკითხულობ და ამ ყველაფრის დამსახურებით სიცოცხლე მშვენიერია. ხოლო მსახიობობა ისაა, რითაც ამ საქმიანობებს შორის არსებულ სიცარიელეს ვავსებ.
-როგორც ჩანს, ჰარმონიაში ხართ საკუთარ თავთან...
-ვნატრობ, ახალგაზრდობისას მცოდნოდა ის, რაც ამჟამად ვიცი და ისიც, რას ვიგრძნობდი ამ ასაკში, მე ხომ ახლა სასიამოვნო სიმსუბუქეს ვგრძნობ. ხოლო ახალგაზრდობაში გაცილებით უფრო დაძაბული ხარ, გეჩვენება რომ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მერე იხედები უკან და ფიქრობ: „ნეტა რატო ვიყავი ასე?“ არაფერია მნიშვნელოვანი, უბრალოდ იცხოვრე საკუთარი ცხოვრებით, რომელიც ისედაც ძალიან მოკლეა.
-მიაღწიეთ თუ არა ყველაფერს, რისი მიღწევაც გსურდათ?
-ყველაფერთან ერთად, ძალიან გამიმართლა. მე მქონდა ჩემი პრობლემები, გასაჭირი, მაგრამ შევძელი გზის გაგრძელება, მე შესანიშნავი ცხოვრება მქონდა და მართლა მადლობელი ვარ ამისთვის.
მოამზადა ბექა ბერულავამ