-
2014-06-09 23:27
„აფხაზეთის ხმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შესახებ: ქართველმა პოლიციელმა რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკი დაწერა და აფხაზეთის დე ფაქტო კონტრდაზვერვას ჩაბარდა.
ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ზუგდიდიდან შეატყობინეს, სადაც ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამასთან, წყაროს ცნობით, მომხდარი შემთხვევა არ გახმაურებულა არც აფხაზურ ფორუმებზე და არც მასობრივი ინფორმაციის ქართული საშუალებებით.
„აფხაზეთის ხმისთვის“ ცნობილი გახდა ყოფილი პოლიციელის ვინაობაც, რომელსაც, გარკვეული მიზეზბის გამო არ ვასახელებთ, თუმცა, დავძენთ, რომ პოლიციელ კ.-ვა-ს შესახებ ცნობის მიღების მიზნით ჩვენ დავუკავშირდით შსს-ს პრესსამსახურს, რომელსაც აღნიშნული ფაქტის გადამოწმება ვთხოვეთ.
პრესსამსახურმა დაგვიდასტურა, რომ პოლიციელმა კ.-ვა-მ ნამდვილად დაწერა პატაკი და სამსახურიდან წავიდა, ხოლო იმის შესახებ ინფორმაციას, რომ ის აფხაზეთის დე ფაქტო კონტრდაზვერვის თანამშრომლებს ჩაბარდა, უწყება არ ფლობს: „მან პატაკი ნამდვილად დაწერა, ხოლო მისი შემდგომი ქმედების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ“, - აცხადებენ შსს-ში.
ამ დრომდე დაუდგენელია, რატომ მიიღო ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილმა პოლიციელმა. ერთერთი ვერსიით, ის კონკრეტული დანაშაულის გამო მოსალოდნელ პასუხისმგებლობას გაექცა.