
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის შესვლა უკრაინის ხელისუფლების თანხმობის გარეშე, რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევა და უკრაინის სუვერენიტეტის მორიგი დარღვევაა. -აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.
“ვგმობ რუსეთის ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის შესვლას უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინის ხელისუფლებისა და “წითელი ჯვრის” თანხმობის გარეშე. ეს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევაა, მათ შორის ბოლოს ბერლინსა და ჟენევაში აღებული ვალდებულებების, ასევე რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის მორიგი დარღვევა. ამას შეუძლია მხოლოდ გააღრმავოს რეგიონში კრიზისი, რომელიც რუსეთმა თავად შექმნა და რომლის გამწვავებასაც აგრძელებს”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპების იგნორირება ბადებს მორიგ კითხვებს, თუ რა არის რუსეთის “ჰუმანიტარული ტვირთის” ნამდვილი მიზანი – მოქალაქეების დახმარება თუ შეიარაღებული სეპარატისტების მარაგის შევსება.
“ვითარების დეესკალაციის ნაცვლად, რუსეთი აგრძელებს ესკალაციას მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობისა, იპოვოს შექმნილი კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი. ყოველივე ეს მხოლოდ რუსეთის მომავალ იზოლაციას გამოიწვევს. მკაცრად მოვუწოდებ რუსეთს, არ გადადგას ნაბიჯები მომავალი პროვოკაციული ქმედებებისკენ, შეწყვიტოს უკრაინაში დესტაბილიზაცია და რეალური ნაბიჯები გადადგას ამ სახიფათო ვითარების მოსაგვარებლად უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საერთაშორისო კანონის სრული დაცვით”, – ნათქვამია რასმუსენის განცხადებაში.