
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ადამ შუბინის განცხადება იმის თაობაზე, რომ ვლადიმირ პუტინი კორუმპირებული პრეზიდენტია, ვაშინგტონის ოფიციალური პოზიციაა, - ამის შესახებ 28 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა.
„აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ჩინოვნიკის შეფასებები ყველაზე ნათლად ასახავს ადმინისტრაციის მოსაზრებას“, - განაცხადა ერნესტმა. ამავე დროს, მან არ უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა აშშ პუტინისთვის სანქციების დაწესებას, რადგან მასზე პასუხის გაცემა ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციად მიიჩნია.
შეგახსენებთ, 25 იანვარს BBC One-მ ეთერში გაუშვა ნახევარსაათიანი ფილმი Putin's Secret Riches („პუტინის გასაიდუმლოებული სიმდიდრე“). ფილმის ავტორის რიჩარდ ბილტონის თანამოსაუბრეთა შორის იყო ადამ შუბინიც, რომელმაც მის შეკითხვაზე, არის თუ არა პუტინი კორუმპირებული, დადებითი პასუხი გასცა.
კონკრეტულად, შუბინმა ბრალი დასდო პუტინს კორუფციასთან კავშირში, განაცხადა რა, რომ ვაშინგტონში ხედავენ, როგორ „ამდიდრებს მეგობრებსა და უახლოეს ნათესავებს რუსეთის ლიდერი, მაშინ როცა ახდენს იმ პირების მარგინალიზაციას, რომლებსაც მეგობრებად არ მიიჩნევს და ვის ხელშიც არაა სახელმწიფო აქტივი“.
„იქნება ეს რუსეთის ენერგეტიკული სიმდიდრე თუ სახელმწიფო კონტრაქტები, ის ამ აქტივებს აძლევს მათ, ვინც მზადაა, ემსახუროს და გამორიცხავს მათ, ვინც ამაზე უარს ამბობს. ჩემთვის ეს კორუფციის ნათელი სურათია“, - აღნიშნა შუბინმა.
შუბინის შეფასებებს მეორე დღეს გამოეხმაურა პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელმაც შუბინის ბრალდებებს „გამოგონილი და მონაჭორი“ უწოდა.