
პარიზში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმელი ტერორისტი, რომელიც ადგილზე მოკლეს, გერმანიაში, თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრებელში ცხოვრობდა. მისი ოთხი ყალბი სახელი და გვარიდან ერთი რეგისტრირებული იყო, როგორც საქართველოს მოქალაქე.
ამის შესახებ „შპიგელ ონლაინი“ იუწყება. ამასთან, ცნობილია, რომ ტერორისტი გერმანიაში, აზულჰაიმში, თავშესაფრის მაძიებელთა კორპუსში ცხოვრობდა და, თვითმხილველთა მონაცემებით, ISIS-ის დროშით ხშირად პოზირებასთან ერთად, კედლებზეც წერდა აგრესიულ მოწოდებებსა და ნიშნებს.
„შპიგელ ონლაინ“ იტყობინება, რომ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეობიდან მას სხვადასხვა სახელითა და გვარით ჰქონდა განცხადება შეტანილი. ბოლოს ტერორისტი ვალიდ სალიჰის სახელითა და გვარით იყო შეტანილი სარეგისტრაციო სიაში. ტერორისტი, რომელმაც ნაჯახით ხელში სცადა პოლიციის განყოფილებაში, პარიზში შეჭრა და რომელსაც წელზე ე.წ. შაჰიდის ქამარი ჰქონდა შემოტყმული, ტერაქტის მცდელობის დროს მოკლეს. აზულჰაიმიდან ის 2015 წლის დეკემბერში გაუჩინარდა.
ვალიდ სალიჰს საბუთებში ხან სირიის, ხან მაროკოს, ხან კი საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მითითებული, თუმცა, გერმანიაში თავშესაფარი მან ვერცერთი მცდელობისას ვერ მიიღო, რის შემდეგაც პარიზში აღმოჩნდა და პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა სცადა. შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა.