
"ისლამური სახელმწიფოს" ერთერთი ხელმძღვანელი, ცნობილი საველე მეთაური თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ აშ-შიშანი დაატყვევეს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ერაყის პოროვინცია კირკუკში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. აშ-შიშანთან ერთად დატყვევებულია კიდევ ორი საველე მეთაური, შვიდი ბოევიკი კი ლიკვიდირებულია.
განახლებულია 17:40 სთ - აშშ-ის საელჩომ არ დაადასტურა ერაყში თარხან ბათირაშვილის დაკავების ფაქტი
ინფორმაცია ბათირაშვილის ტყვედ ჩავარდნის, დაჭრისა და გარდაცვალების შესახებ ადრეც არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა, ოფიციალურად არასდროს დადასტურებულა. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ბათირაშვილის ტყვედ აყვანას ამჯერად ადასტურებენ როგორც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები, ასევე შიიტთა დაჯგუფების მეთაურები, რომლებიც წერენ, რომ ამერიკელები აპირებენ, დაკავებულების ევაკუაცია ერაყიდან ვერტმფრენით მოახდინონ და გაურკვეველი მიმართულებით უპირებენ წაყვანას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სპეცრაზმის ასი წევრი ერაყში 21 დეკემებრს განთავსდა. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სპეცრაზმელები შეასრულებდნენ საიდუმლო ოპერაციებს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საერთო ჯამში, ერაყში ამ დროისთვის 3.500 მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რომლებიც დაკავებული არიან ნაციონალური არმიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციებით.
თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ აშ-შიშანი 1986 წელს, საქართველოში, პანკისის ხეობის სოფელ ბარკიანში დაიბადა.