
საერთაშორისო ვოლონტიორთა საზოგადოება InformNapalm-მა გამოავლინა, რომ 2015 წლის სექტემბრიდან რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის, სირიაშიც, გაუხმაურებელ სახმელეთო ოპერაციებს ატარებს.
ამ დასკვნამდე ჯგუფი ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) შედეგების მიხედვით მივიდა.
გამოვლენილია291-ე საარტილერიო ბრიგადის საარტილერიო ქვედანაყოფი (სამხედრო ნაწილი 64670, ინგუშეთი, სოფელი ტროიცკაია), რფ-ის 58-ე არმიის შემადგენლობაში, რომელიც, მიუხედავად კრემლის არაერთი განცხადებისა, რომ რუსი სამხედროების მონაწილეობა სირიაში სახმელეთო ოპერაციებში აბსოლუტურად გამორიცხულია, 2015 წლის სექტემბრიდან გაუხმაურებელი სახმელეთო სამხედრო ოპერაციის ფარგლებში იმყოფება ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში.
სულ გამოვლენილია 29 სამხედრო მოსამსახურე ინგუშეთის 291-ე საარტილერიო ბრიგადიდან, რომლებიც გაგზავნეს სირიაში "ინტერნაციონალური მისიით".
ამ ქვედანაყოფის გადასროლა 152 მმ-იან ჰაუბიცებთან ერთად განხორციელდა ზღვით ქ. ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზიდან, რფ-ის დიდი სადესანტო გემებით 2015 წლის სექტემბრიდან.
მივლინების ვადა განსაზღვრულია 3-4 თვით, შესაძლო გაგრძელებით. სირიაში გაგზავნილი პირადი შემადგენლობა, ძირითადად, ახლადგამომცხვარი სამხედრო-მეკონტრაქტეები არიან, რომელთაც ხელი მოაწერეს კონტრაქტს ნებაყოფლობით-იძულებით რეჟიმში ნახევარი ან ერთი წლის სამსახურის შემდეგ ამ საარტილერიო ქვედანაყოფში, რომელიც არაერთხელ ფიგურირებდა ჩვენს მასალებში "როსტოვ-უკრაინული" მივლინებების კონტექსტში.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში, მასალაში: "რუსეთმა დაიწყო შენიღბული სახმელეთო ოპერაცია სირიაში", InformNapalm"-მა გამოთქვა დადასტურებული ვარაუდი იმის შესახებ,რომ სირიაში შემჩნეული საარტილერიო ტრაქტორები КамАз-63501 და მათ მიერ ბუქსირებული ჰაუბიცები Мста შეიძლება ეკუთვნოდეთ სწორედ 291-ე საარტილერიო ბრიგადას. ერთი თვის შემდეგ ჩვენი ვარაუდი სავსებით დადასტურდა ჩვენი OSINT-გამოძიების შედეგად.
InformNapalm-ის მზვერავების მიერ სირიაში გამოვლენილი რუსი არტილერისტები ძირითადად ფიქსირდებიან ლატაკიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ფოტომასალებიდან ჩანს, რომ 291-ე საარტილერიო ბრიგადის არტილერისტები იყენებენ "მოხეტიალე ბატარეების" იმ ტაქტიკას, რასაც ისინი 2014 წლის ზაფხულ-შემოდგომის კონფლიქტის დროს იყენებდნენ დონბასში.
291-ე საარტილერიო ბრიგადის პასუხისმგებლობის რაიონი განლაგებულია ასადის ჯარებისა და ზომიერი ოპოზიციის შეხების ხაზზე. სროლის მაქსიმალური სიშორე შეადგენს 28900 მეტრს. რადგანაც 30 კმ-ის რადიუსში იმყოფებიან მხოლოდ აჯანყებულთა ჯარები, გამოდის, რომ რფ-ის სამხედრო ძალები მონაწილეობენ სირიის სამოქალაქო ომში და არა - "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში.
ფოტოებზე გამოსახული 291-ე ბრიგადის სირიაში მყოფი ყველა არტილერისტი იდენტიფიცირებულნი არიან სტატუსების, კომენტარების, ფოტოგრაფიების, კონტაქტების, ტეგების და სხვ. შესწავლის შედეგად. საერთო ნიშნები, რაც აერთიანებთ "არტილერისტ-ინტერნაციონალისტებს", ესაა სამუშაო ადგილი და ფოტომასალის მსგავსება, ერთნაირი ეკიპირება (მათ შორის ე.წ.ქვიშისფერი ფორმა ცხელი ჰავის პირობებში), არასაწესდებო გარეგანი სახე და სირიაში გამოყენებული ტანსაცმლის ფორმა და ა.შ., აგრეთვე აღმოსავლური ეგზოტიკა, ფოტოები ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ზეთისხილის პლანტაციებში და სხვ.
P.S. InformNapalm-ის გუნდს მთელი პასუხისმგებლობით აქვს შეგნებული, რომ ამ პუბლიკაციის შედეგად კრემლის ჩინოვნიკები მორიგ ისტერიკას ატეხავენ რუსი სამხედროების პერსონალური მონაცემების პუბლიკაციის გამო. ასეთ შემთხვევაში ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მთელი ინფორმაცია წარმოადგენს ღია წყაროების, მათ შორის, სოციალური ქსელების შესწავლის შედეგს, რომლებშიც წინდაუხედავი რუსი სამხედროები საკმარისი რაოდენობის კვალს ტოვებენ.
ქართული თარგმანი მომზადებულია InformNapalm-ისა და "აფხაზეთის ხმის" მეგობარი ვოლონტიორების ჯგუფის მიერ
სრულად რუსულ ენაზე და მეტი ფოტოფაქტი იხილეთ ამ ბმულზე