-
2015-12-06 10:00
მაჩეტეთი შეიარაღებული პირი, რომელიც შეძახილით: "ეს სირიისთვის!"; "თქვენი სისხლი უნდა დაიღვაროს!" სამ ადამიანს დაესხა თავს, ლონდონის მეტროში პოლიციამ ელექტროშოკის გამოყენებით დააკავა. მომხდარს უკვე მიენიჭა ტერაქტის კლასიფიკაცია.
მამაკაცის მიერ დაჭრილი სამიდან ერთმა ადამიანმა სერიოზული, თუმცა, არა სასიკვდილო დაზიანებები მიიღო, ორი კი მსუბუქად დაიჭრა. მამაკაცის ვინაობა და წარმომავლობა ჯერ არ დასახელებულა.
შეგახსენებთ, ტერორიზმის საფრთხე ლონდონში ამ ეტაპზე ბოლოსწინა, მეოთხე სტადიადაა შეფასებული, რომელიც ხასიათდება, როგორც "არსებითი". იმ ფონზე, როცა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ უკვე გადაწყვიტა, რომ გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საჰაერო ძალებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ სირიაში მიმდინარე ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაში, კოალიციის ძალებთან ერთად, ოფიციალურმა ლონდონმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
სიტუაციას დრამატულობას სძენს ის ფაქტიც, რომ ამერიკული "უოლ სტრიტ ჯორნალის" სტატიის თანახმად, პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტის ორგანიზატორის აბდელჰამიდ აბაუდის რამდენიმე თანამძრახველი ამჟამად ლონდონში იმყოფება და იქ ტერაქტების მოსაწყობად ემზადება.